საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

26 თებერვალი 2013

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიზნეს-ცენტრში შეხვდა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი და მინისტრის პირველ მოადგილე, ზურაბ აზმაიფარაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოში ჭადრაკის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტთან ჭადრაკიც ითამაშა.

"საქართველოში ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვდივარ. ქართულ ჭადრაკს მდიდარი ტრადიცია აქვს და იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენი სურვილია, რომ თბილისმა ჭადრაკის დედაქალაქის ფუნქცია შეიძინოს"-განაცხადა კირსან ილუმჟინოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.