ბადმინტონის ფედერაცია პრეზიდენტს ეძებს

28 თებერვალი 2013

ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან შეხვედრებს. 28 თებერვალს სეოკ-ის ოფისში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ბადმინტონისა და აფროსნობის ფედერაციათა ხელმძღვანელებს შეხვდა და არაერთ საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებს.

"ბადმინტონის პირველი პიონერები საქართველოში ჩვენ ვიყავით და დროთა განმავლობაში ახალი პლიადა წამოვიდა. სხვათა შორის ახალგარზდებში ევროპის პრიზიორიც გვყავდა, შემდეგ კი იცით ქვეყანაც აირია. სპორტის ეს სახეობა 1992 წლიდან ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია და გული მწყდება ჩვენთან სათანადო ყურადღება, რომ არ ექცევა. ნურავის ეგონება, რომ ბადმინტონი მხოლოდ ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნების თამაშია, იგი ქართველების სპორტიც არის. არის ქვეყნები, სადაც სპორტის ეს სახეობა სკოლებში სავალდებულო საგნად შეიტანეს. ჩვენთან კი ეროვნული ჩემპიონატი 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო ფედერაციაში საწევროც არ შეგვიტანია.

სამწუხაროდ ბადმინტონი არა მარტო ხალხში, სპორტულ საზოგადოებაშიც მკვდარია. წლებია სახელმწიფოსგან მინიმალური მხარდაჭერაც არ გვქონია, არ გვაქვს ინვენტარი, აღარაფერს ვამბობ ბაზაზე. თბილისის რამდენიმე სკოლაშია გაშლილი ბადე და სულ ეს არის. რაც ყველაზე მთავარია ფედერაციას არ ჰყავს პრეზიდენტი და ჩვენ მას ვეძებთ"- აღნიშნა ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ანატოლი დავიდოვმა, რომელიც ასევე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციასაც ითავსებს.

ელგუჯა ბერიშვილის თქმით სეოკ-ი ბუნებრივია დაინტერესებულია, რომ ბადმინტონი ჩვენში რაღაც დონეზე მაინც განვითარდეს, რადგან ოლიმპიური სახეობაა, თუმცა მათი უპირველესი საზრუნავი ამ ეტაპზე პრეზიდენტის არჩევაა.

სახარბიელო ვითარება არც აფროსნობაშია და აქაც თითქმის ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყონ. პირველი ვიცე-პრეზიდენტის გიორგი გრიგოლიას თქმით პარადოქსია, მაგრამ საქართველოს აფროსნობის ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციის წევრი მხოლოდ ორი წლის წინ გახდა, მას შემდეგ, რაც ისინი მოვიდნენ. "აფროსნობა ძვირადღირებული სპორტია. თავის დროზე საქართველოში სერიოზული სკოლა გვქონდა და ტრადიციებიც დიდი გვაქვს, თუმცა გარკვეული კატაკლიზმების გამო ფაქტობრივად ყველაფერი დაინგრა. ჩვენი მიზანია ახალი თაობის გაზრდა. დღევანდელი გადასახედიდან ოლიმპიურ ლიცენზიაზე ფიქრი ძალზედ რთულია "-აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ.