ფეხბურთიდან ფიგურულ ციგურაობამდე

03 მარტი 2013

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე წელიწადზე ოდნავ ნაკლებიღა რჩება და საქმეს ისეთი პირი უჩანს სპორტის მილიონობით გულშემატკივარი მთელ მსოფლიოში ბევრ სიურპრიზს იხილავს.

ცნობილია, რომ სახელგანთქმულ ბრიტანელ მევიოლინეს ვანესა მეის სურს სოჭში იასპარეზოს და ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში იგი სამთო-სათხილამურო სპორტში ტაილანდის სახელით გამოვა.

ანალოგიური წადილი ამოძრავებს ახლო წარსულში თურქეთის საფეხბურთო ნაკრების წევრს ილხან მანსიზს, ოღონდ მას თხილამურებზე მეტად ფიგურული ციგურაობა იტაცებს და სურს ბედი სპორტულ ცეკვებში მეწყვილესთან ერთად სცადოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „Guardian"-ი იუწყება.

37 წლის თავდამსხმელის ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზის ცოტა ხნის წინ თურქეთში ჩატარებული სატელევიზიო შოუს „ცეკვები ყინულზე" წარმატებული გამოსვლა და მასში გამარჯვება გახდა.

„მე ვიქნები პირველი სპორტსმენი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთში და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. რა თქმა უნდა სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენს წყვილს საპრიზო ადგილებზე გასვლის პრეტენზია არ ექნება. ასეთ გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე ჩვენთვის მონაწილეობაც კი უკვე დიდი გამარჯვება იქნება"-აღნიშნა თურქმა ფეხბურთელმა.

ილხან მანსიზიმ საფეხბურთო კარიერა 2007 წელს დაასრულა. მან თურქეთის ეროვნული ნაკრების მაისური 21-ჯერ მოირგო და 7 გოლი გაიტანა, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში სენეგალის ნაკრების კარში გატანილი ბურთია.