კალათბურთის ფესტივალი ქუთაისში

04 მარტი 2013

 

იმერეთის მთავარქალაქ ქუთაიში ღონისძიების მოწყობა კალათბურთში მიეძღვნა 2015 წელს თბილისში ჩასატარებელ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. მსგავსი სახის შეჯიბრებები სპორტის იმ 9 სახეობაში ჩატარდება, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამითაა გათვალისწინებული. ქუთაისში ფესტივალის ორგანიზატორებმა ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალურმა ორგანიზაციამ (თავმჯდომარე - რევაზ რობაქიძე) და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ ( დირექტორი - დავით აბულაძე) სპეციალურად მოიწვიეს თურქეთის ქალაქ უნიას კალათბურთელ გოგონათა ნაკრები გუნდი (1998 - 1999 წლებში დაბადებულნი), რომელთა მონაწილეობამაც ფესტივალს ძალზედ საინტერესო ელფერი მისცა. 

აღსანიშნავია ტურნირში მონაწილე ჭაბუკების დიდი ინტერესი და მოტივაცია, რომლებმაც დაუზოგავად იბრძოლეს, რათა ქალაქის მთავარ გუნდში მოხვედრილიყვნენ. ორგანიზატორებმა ფესტივალის მონაწილეები დააჯილდოვეს ოლიმპიური სიმბოლიკის მედლებით, ვიმპელებითა და სერტიფიკატებით. თურქმა გოგონებმა თავის მხრივ ქუთაისელ კალათბურთელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და საპასუხო ვიზიტით მიიწვიეს თურქეთის ქალაქ უნიაში. სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ხელმძღვანელის რევაზ რობაქიძის თქმით ანალოგიური ფესტივალი 6-7 მარტს მძლეოსნობაში ჩატარდება, შემდეგ ხელბურთში, მოიცავს ცხრავე სპორტის სახეობას და დასრულდება მაისის თვეში. ასეთი შეჯიბრებები ხელს შეუწყობს „თბილისი 2015"-სთვის რეგიონებიდან საქართველოს ნაკრების დაკომპლექტებას.