საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მიმართვა

05 მარტი 2013

 5 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჭიდობის ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების შეკითხვებს მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ და ვეტერანმა და მოქმედმა მოჭიდავეებმა უპასუხეს.

პრესკონფერენციის თემა 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატი და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობის შესაძლო ამოღება იყო.

ჭიდაობის ფედერაციამ სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გაუგზავნის. მიმართვას 33 ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი აწერს ხელს.

ჭიდაობის ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს წევრებს, საკითხის განხილვისას საქართველოს, როგორც სპორტის ამ სახეობაში მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის მოსაზრების და მხარდაჭერის გათვალისწინებას სთხოვს.


საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიმართვა

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია შეშფოთებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის განცხადებით, რომლის საფუძველზეც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან შესაძლებელია ამოღებული იყოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა სპორტის იმ ერთეულ სახეობათა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც მუდმივად შედიოდა ანტიკური და თანამედროვე ოლიმპიადების პროგრამაში.

განუზომელია სპორტის ამ სახეობების წვლილი ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის, ოლიმპიური ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრების საქმეში. აქვე განვმარტავთ, რომ ის ნაკლოვანებები და შეცდომები, რომლებმაც წლების განმავლობაში თავი მოიყარა ჭიდაობაში, როგორც ოლიმპიური სპორტის სახეობაში, აღმოსაფხვრელია და იმედს ვიტოვებთ, რომ ჭიდაობის მსოფლიო საზოგადოება შეძლებს ამ სირთულეებთან გამკლავებასა და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.

მოგმართავთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ საქართველოს, როგორც სპორტის ამ სახეობაში მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის ეროვნული ფედერაციის მოსაზრება და მხარდაჭერა.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო