მიზანი სამი ლიცენზიაა

06 მარტი 2013

 

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე, საქართველოს წამომადგენლები, ფიგურალ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ეყოლება, თუმცა რა რაოდენობით ამის პროგნოზირება რთულია. ეჭვგარეშეა, რომ ფიგურალ ციგურაობაში ელენე გედევანიშვილს ლიცენზიის მოპოვება არ გაუჭირდება, რომელიც სულ მალე (11-17 მარტი) კანადაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რაც შეეხება წყვილებს - აქ ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას იმედი გვაქვს.

6 მარტს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი და ჯაფარიძე-ტელეგინას წყვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს მამუკა ხაბარელს შეხვდნენ, რომელიც სეოკ-ში ზამთრის სპორტს კურირებს.

"გასაგებია, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე მაღალი მიზნებისთვის ვერ ვიბრძოლებთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი სპორტსმენით წავრსდგეთ და ღირსეულად ვიასპარეზოთ. ბუნებრივია ფიგურული ციგურაობის იმედი გვაქვს და გვსურს წარმომადგენლები გვყავდეს, როგორც ინდივიდუალურ, ისე წყვილთა თანრიგშიც. ვეცდებით ამ საქმეში მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი"- აღნიშნა შეხვედრაზე მამუკა ხაბარელმა.

მაკა გიორგობიანმა სეოკ-ს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ეცდებიან მათზე გაცემული ავანსები გაამართლონ.

ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას წყვილს უმნიშვნელოვანესი შეჯიბრი გერმანიის ქალაქ ობერდსფორდში ელით, სადაც მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება. სოჭის საგზურს საუკეთესო ხუთელში გასული ფიგურული მოციგურავეები მიიღენ.

ბოლოს კი დავძენთ, რომ სეოკ-მა "სოჭი 2014"-ისთვის მზადების ჭრილში ჯაფარიძე-ტელეგინას წყვილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტიპენდია დაუნიშნა.