შეხვედრა ლოზანაში

09 მარტი 2013

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჭიდაობის ყოფნა-არყონის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. სწორედ სპორტის ამ სახეობაში შემავალი დისციპლინების (თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ქალთა ჭიდაობა) ოლიმპიურ პერსპექტივებზე ისაუბრეს სოკ-ის პრეზდენტმა ჟაკ როგმა და ფილას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნენად ლალოვიჩმა ლოზანაში გამართულ შეხვედრაზე.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. "ძალზედ თბილი და რაც მთავარია საქმიანი შეხვედრა გამოვიდა. მსურდა თავად ჟაკ როგისგან გამეგო იმ მიზეზების შესახებ თუ რამ მიიყვანა სოკ-ი ასეთ გადაწყვეტილებამდე, უშუალოდ მისგან მიმეღო კონკრეტული მითითებები სიტუაციის გამოსასწორებლად. შედეგით კმაყოფილი ვარ. პრობლემის მოსაგვარებლად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ"- აღნიშნა ნენად ლალოვიჩმა, რომელიც ამ პოსტზე 18 მაისამდე იქნება, ვიდრე მოსკოვში ფილას კონგრესზე ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

ჟაკ როგის თქმით ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შემავალი ყველა სპორტის სახეობა თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს და ოლიმპიურ ოჯახში ღირსეული ადგილი ეკავოს.