სოკ-ის პრეზიდენტის ჟაკ როგის საპასუხო წერილი სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს

11 მარტი 2013

სპორტის გულშემატკივრებში 2020 წელს ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის შესაძლო ამოღების შესახებ აჟიოტაჟი არ ცხრება. სხვა ქვეყნებთან ერთად ამ საკითხის მოგვარებაში საქართველოც აქტიურად არის ჩართული. სეოკ-მა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ოფიციალური მიმართვაც გააგზავნა, რაზეც სოკ-ისგან პრეზიდენტ ლერი ხაბელოვის სახელზე საპასუხო წერილი მივიღეთ.

                 სოკ-ის პრეზიდენტის ჟაკ როგის საპასუხო წერილი  სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს

 

2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამა

პატივცემულო პრეზიდენტო,

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ-ი) მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ჭიდაობის საკითხის მიმართ გამოვლენილი ინტერესისა და ერთგულების გამო. საქართველოს ნადვილად მყარი საფუძველი გააჩნია იმისათვის, რომ იამაყოს მისი მრავალი ცნობილი მოჭიდავითა და ოლიმპიური ჩემპიონით.

დამატებითი ინფორმაციის სახით გვსურს მოგახსენოთ, რომ სოკ-ი რეგულარულად სწავლობს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანილ სპორტის სახეობებს, რათა საჭირო დონეზე  დავაბალანსოთ  თამაშების მიმართ გამოვლენილი ინტერესი და აქტუალურობა. იზოლირებულად არც ერთი სახეობა არ განიხილება. სოკ-ის აღმასკომის წინაშე დადგა ამოცანა, რათა  მრავალმხრივ ფაქტორებზე დაყრდნობით რეკომენდაცია გაეწია სპორტის 25 წამყვანი სახეობისთვის. მაგალითად, მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის შემუშავება სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებს შორის; საბრძოლო და სხვა სახეობებს შორის და, ზოგადად, ობიექტურ საზომებზე დამყარებულ სახეობებსა და მსაჯობაზე დაფუძნებულ სახეობებს შორის.

ეს არასოდეს ყოფილა ადვილი გადასაწყვეტი. 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 25 წამყვანი სახეობის რეკომენდირებით სოკ-ის აღმასკომის წევრებმა ერთობლივი მოსაზრება წარმოადგინეს, რომელიც სპორტის ცალკეულ სახეობებში მათი, როგორც სპორტსმენების, ადმინისტრატორებისა და ოლიმპიელების მიერ წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება. მართალია, ჭიდაობას მთელი რიგი ძლიერი მხარეები გააჩნია, მაგრამ ისტორია მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ასევე უნდა ვაღიაროთ აუცილებელი ცვლილებების საჭიროებაც.

ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ აღმასკომის რეკომენდაცია არ წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას . ჭიდაობა, სპორტის დანარჩენ შვიდ სახეობასთან ერთად, შეეცდება დაიმკვიდროს ადგილი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს მაისში სანკტ-პეტერბურგში, სოკ-ის აღმასკომის სხდომაზე დაგეგმილ პრეზენტაციას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სრული შემადგენლობით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, როდესაც მისი წევრები სექტემბერში სოკ-ის სესიაზე შეიკრიბებიან.

პატივისცემით,

ჟაკ როგი