პირველი იმედგაცრუება

26 ივლისი 2011

პირველ რეპორტაჟში დაგპირდით, რომ ფესტივალის ოგანიზაციულ ნაკლოვანებებზე მაშინ ვისაუბრებდით, როდესაც თამაშები ძალას მოიკრეფდა, თუმცა ეს აქ იმდენად მტკივნეული თემაა, რომ ვეჭვობ რამე გამოსწორდეს. ერთადერთი რაც მეტნაკლებად გამართულად მუშაობს ეს ტრანსპორტირებაა.

ოლიმპიური სოფლიდან ავტობუსები სპორტულ ბაზებზე და პირიქით 30 წუთის ინტერვალით მოძრაობენ, მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემებმა იჩინეს თავი. მძღოლების უმეტესობამ გზა არ იცის და მათ მოხალისეების დახმარება სჭირდებათ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოფლიდან ყველა არენა საკმაოდ მოშორებითაა და მინიმუ 30-40 წუთის სავალზეა. ახალგაზრდულ ფესტივალს ტრაბზონში 1300-ზე მეტი მოხალისე ემსახურება, მაგრამ რად გინდა - გარდა იმისა, რომ ენობრივი ბარიერია და ინგლისური არ იციან, თუ გაგიმართლა და რაიმე გააგებინე, მაინც ვერაფრით დაგეხმარება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წარმოდგენა არ აქვს. მოკლედ ,,ვოლუნტერებში" ფრაზა I don`t know საკმაოდ პოპულარულია. კვების მხრივ შედარებით უკეთესი ვითარებაა. თურქული სამზარეული ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. სოფლის სასადილო კი ერთდროულად 700 კაცს იტევს.


ზემოთ სპორტული ბაზების სიშორეს გავუსვით ხაზი და ამ მხრივ ძიუდოს დარბაზს ნამდვილად ბადალი არ ჰყავს. რატომ გადაწყვიტეს მასპინძლებმა მისი სოფელ ოფში ჩატარება, რომელიც ტრაბზონიდან ზუსტად საათის სავალზეა, ყველასათვისგამოცანად რჩება. აკი იხუმრეს კიდეც ჩვენმა ძიუდოისტებმა - აქედან ბათუმში უფრო მალე ჩავალთ, ვიდრე უკან ტრაბზონშიო. 

შეჯიბრებებზე ხშირად ოქმები იგვიანებს, ძიუდოს ტაბლო რამდენჯერმე მწყობრიდან გამოვიდა, ინტერნეტის პრობლემაც არის, მთავარ პრეს-ცენტრში ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიუწვდომელია, ჩოგბურთში კი სულაც ტურნირის მთავარმა დელეგატმა კენჭისყრის ჩატარებას ვერ მოაბა თავი და მოთამაშეებმა უშუალოდ კორტზე გასვლამდე შეიტყვეს მეტოქეთა ვინაობა. მისიის ხელმძღვანელთა ოფიციალურ შეხვედრებზე დელეგაციებს ვერცერთ საკითხზე კონკრეტულ პასუხს ვერ აძლევენ. მოკლედ სრული ქაოსია.


საქართველოს დელეგაციის წევრები სოფელ ოფისკენ იმ იმედით გავემგზავრეთ, რომ მიმდინარე ფესტივალზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდებოდა. ამის რეალური საფუძველიც გვქონდა, რამეთუ ვანო მამისაშვილი (55კგ) ტრაბზონში ევროპის ჩემპიონის რანგში ჩამოვიდა და ფავორიტადაც სამართლიანად ითვლებოდა. თუმცა ოქროს ვინ ჩივის საერთოდ უმედლოდ დავრჩით. პირველად გულმა რეჩხი მაშინ გვიყო, როდესაც მამისაშვილმა I წრეში იტალიელ ედუარდო ბუჩისთან დამატებით დროში გაჭირვებით მოიგო. თითქოს აგრესია აკლდაო და გამოფიტული იყო. ეტყობოდა ფიზიკურ კონდიციებშიც მოისუსტებდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ვანო ასეთი ჭიდაობით შორს ვერ წავიდოდა და სამწუხაროდ ასეც მოხდა. იგი 1/4 ფინალში ბელარუს დიმიტრი მინკოვთან შეხვედრის დამთავრებამდე სამი წამით ადრე ვაზარზე დაეცა. დამამშვიდებელში მამისაშვილმა ბულგარელ ვალინტინ ალიპიევს და პოლონელ პაველ ვავრიჩეკს მოუგო და "რეპესაჟის" ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც უკრაინელ პავლო სკოპნენკოსთან დამარცხდა. წაგებით ვის არ წაუგია, მაგრამ ევროპის ჩემპიონისგან მსგავს უსუსურ ჭიდაობას არავინ ველოდით.


უმჩატეს წონაში ზვიად ხუბულურმა პირველ წრეში სერბი ფილიპ ნურკიჩი კი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ სადიკ მაჰარმადოვთან ვეღარაფერს გახდა. სამწუხაროდ მან ვერც"რეპესაჟში" იყოჩაღა. თავდაპირველად ესპანელ დანიელ სანტიაგოს მტკივნეული ილეთი გაუკეთა, მაგრამ შემდეგ ბელგიელ ქარიმ მაეკელბერგთან ბოლო წამზე შებოჭვაზე მოჰყვა და ბრინჯაოს მედლის შანსიც გადაეწურა. გუშინ ძიუდოზე ერთადერთი სასიამოვნო რაც მოხდა, ეს ქართველი რეფერის ვლადიმერ ნუცუბიძის კარგი მსაჯობა გალხდათ და ორგანიზატორებმაც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გაძღოლა დაავალეს, რასაც ნუცუბიძემ თავი იდეალურად გაართვა.


დღეს ველოსიპედისტებმა 9 კილომეტრზე ინდივიდუალურ რბოლაში იასპარეზეს. ბექა ნარეკლიშვილი 81-ე, ხოლო დიმიტრი ხოსიაური 55-ე იყო 96 მონაწილეს შორის. 


ცურვაში თეიმურაზ კობახიძე საკუთარ შედეგებს დღითი-დღე აუმჯობესებს. გუშინ მან 100 მეტრ ბატერფლაიში მოსინჯა ძალები და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა და საბოლოოდ 58,80 შედეგით 16-ე ადგილზე გავიდა. ნიშანდობლივია, რომ კობახიძე პირველია ვინც ქართველთაგან ახალგაზრდულ ფესტივალებზე ცურვაში ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.


ბოლოს კი დავძენთ, რომ გუშინ ძიუდოს დარბაზში სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს პატრიკ ჰიკს შეხვდა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. როგორც იცით ჰიკი საქართველო დიდი მეგობარია და ჩვენი ძიუდოისტების წარუმატებლობაც გულწრფელად ეწყინა.