გეგეშიძე და დათუნაშვილი ოქროს ვერ შესწვდნენ

25 მარტი 2013

24 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ზურაბ დათუნაშვილი (74კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84კგ) ფინალში რუს მეტოქეებთან დამარცხდნენ.

ფინალამდე ქართველმა ფალავნებმა დამაჯერებლად იასპარეზეს. დათუნაშვილმა უნგრელ, ხორვატ და გერმანელ მოწინააღმდეგეებს მოუგო, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში მოქმედ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ რომან ვლასოვთან ვეღარაფერს გახდა.

ვლადიმერ გეგეშიძემ მოლდოველ, ბულგარელ და სომეხ ფალავნებს იოლად გაუსწორდა და ფინალში ტიტულიან რუს მოჭიდავესთან, ევროპისა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან და ათენის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანთან ალექსეი მიშინთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
ბეგი დარჩიას გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.