სამივე სინჯის თითო მედალი

29 ივლისი 2011

როგორც გუშინ დაგპირდით, წესით დღევანდელ რეპორტაჟს მაჟორულ ნოტაზე უნდა ვიწყებდე. მიზეზიც იცოცხლეთ, ხომ ისეთია, ქვას გახეთქავს. ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა, მაგრამ რაც ტრაბზონში მას-მედიის წარმომადგენლებს თავგადასავლები გვაქვს ძნელია სიტყვებით აღწერო. ის, რომ მთავარ პრეს-ცენტრში ინფორმაციები დაგვიანებით ან საერთოდ არ მოდის, ამას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ XXI საუკუნეში თუ ინტერნეტით სარგებლობის პრობლემა შეიქმნებოდა უკვე ნამეტანია. ყოველ საღამოს ევროპელ კოლეგებთან ერთად ლეპტოპით აღმა-დაღმა დავრბივარ და ვცდილობ ინტერნეტ სამყაროსთან კავშირი დავამყარო.

მოთმინების ფიალა გუშინწინ აივსო და არაერთ ჟურნალისტსაც ნერვებმა უმტყუნა. ირლანდილემა და სლოვაკმა კოლეგებმა ფესივალის ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ისეთ დღეში ჩააგდეს საცოდავ გოგონებს ქვითინიც კი აუტყდათ, მაგრამ ცრემლები საქმეს რას უშველიდა. დიდი შანსია ბევრ პრესის მუშაკს იმ საღამოს თავიანთი გამოცემებისთვის ინფორმაცია ვერ მიეწოდებინა. მეც უკვე ხელი ჩაქნეული მწონდა, როდესაც ბედად ლიტველმა კოლეგამ ინტერნეტში შეაღწია და მისი კომპიუტერით ვისარგებლე. მოკლედ, ამ მხრივ აქაურობა ქვის ხანას მაგონებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ადამიანები ლეღვის ფოთლებით არ დადიან. ამ მასალას კი ვწერ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ თქვენამდე თუ მოაღწევს და დღის სინათლეს იხილავს.
გუშინ დილით პატარა დილემის წინაშე აღმოვჩნდი. ვერ გადამეწყვიტა ძიუდოს დარბაზში წავსულიყავი თუ მძლეოსნობის სტადიონზე, სადაც სამხტომში ლაშა ღულელაურს ფინალურ ეტაპზე უნდა ეასპარეზა. საბოლოოდ ტრაბზონის გარეუბანში მდებარე სტადიონზე წასვლა ვარჩიე და მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოში ბექა ღვინიაშვილის (81კგ) ჩემპიონობა გამოვტოვე, მაინც არ მინანია. 

შეჯიბრებამდე ლაშას და მის მწვრთნელს იუსუპ ღულელაურს გამოველაპარაკე, რომელიც ამავდროულად მამამისიცაა. შევატყვე ორთავე ღელავდა და არც გაემტყუნებათ. ,,ლაშას ტრამვა მადარდებს, ასპარეზობისას არ იჩინოს თავი, თორემ გარანტიას გაძლევთ მედალს აუცილებლად მოიგებს. ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ათლეტი ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე იწრთობა და ლაშაც უდიდეს გამოცდილებას შეიძენს. კონკურენციის არ უნდა გეშინოდეს, პირიქით, უნდა გიხაროდეს წინსვლა თუ გინდა. ღმერთმა თუ ინება და აქ მედალი მოვიგეთ ლაშასთვის ეს უდიდესი სტიმული იქნება"-მეუბნება მამამისი. ღულელაურმა მართლაც სასწაული მოახდინა. მტკივანი წელით საკუთარ თავზე ზემოთ ახტა და ვერხლის მედალი მოიპოვა. და არ იკითხავთ ჩემპიონობდამდე რა დააკლდა? სულ რაღაც ერთი სანტიმეტრი. იგი მრისხანე მეტოქეებს არ ეპუებოდა და ყოველ ჯერზე შედეგებს აუმჯობესებდა. და როდესაც მესამე ცდის შემდეგ ტაბლოზე 15.49 სანტიმეტრი დაეწერა თვალებს არ ვუჯერებდით - ეს ხომ პირველ ადგილს ნიშნავდა.

12 ფინალისტიდან თავიდანვე გამოიკვეთა სამი ფავორიტი, რომლებიც ოქროსათვის იბრძოლებდნენ - ქართველი, ფრანგი და შვეიცარიელი მძლეოსნები. საბოლოოდ ნეიტრალური ქვეყნის შვილმა ჩვენებურს ერთი სანტიმეტრით აჯობა. ბუნებრივია, შეჯიბრების შემდეგ ყველას სინანულის გრძნობა გვქონდა, მაგრამ ამავდროულად ღულელაურის ვერცხლმაც გაგვახარა. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ სათანადო ხელშეწყობა იქნა და ლაშას ვარჯიში და საერთაშორისო ტურნირებში სისტემატიური ასპარეზობები არ მოაკლდება, იგი სახელოვანი სამხტომელის - ვიქტორ სანეევის კვალს ღირსეულად გააგრძელებს. საბოლოოდ ღულელაური მესამე სპორსტმენია, რომელმაც ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე ,,სპორტის დედოფალში" საქართველოს მედალი მოუტანა. მანამდე ბირთვის კვრაში  ზურაბ გიგაიამ 2001 წელს ბრინჯაოს, ხოლო მამუკა ტუღუშმა 2003 წელს ოქროს მედლები მოიპოვეს.

სანამ ჩვენ ლაშა ღულელაურს ვგულშემატკივრობდით, ძიუდოში ბექა ღვინიაშვილი ერთი-მეორის მიყოლებით აკრავდა ტატამზე მოწინააღმდეგეებს. მან ერთ ამოსუნთქვაში დაამარცხა გერმანელი, ესტონელი, რუსი და ლატვიელი მეტოქეები და საქართველოს დელეგაციას ტრაბზონში პირველი ოქროს მედალი შესძინა. დილით ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ამბობდა, მესიზმრა ვითომ კრივი იყო და ტაისონმა გაიმარჯვაო, შემდეგ ბექას მიუბრუნდა და კითხა შენ ხომ ზედმეტსახელი ,,ტაისონა" გაქვსო - ჰოდა, ნუ ნერვიულობ სიზმრები ყოველთვის კარგად მიხდებაო! 

ლევან გუგავამ (73კგ) სტარტზე დასანანად ჰანტეითი წააგო რუს მოწინააღმდეგესთან, მაგრამ შემდეგ ძალ-ღონე მოიკრიბა და ბერძენი, პორტუგალიელი, ებრაელი და ლატვიელი ძიუდოისტები დამაჯერებლად დაამარცხა, რითიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

საღამოს ოლიმპიურ სოფელს სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე, ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი ესტუმრნენ და სპორტსმენებს შეხვდნენ. გია ნაცვლიშვილმა ჩემპიონ-პრიზიორებს კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება, გუნდის სხვა წევრებსაც მიესალმა და ყველას სამომავლოდ წარმატებები უსურვა. 

დღეს ,,ტრაბზონი 2011"-ის ბოლო საშეჯიბრო დღეა. ქართველთაგან მხოლოდ ორი ძიუდოისტი შალვა ჩოჩელი და გახსნის ცერემონიალზე ჩვენი მედროშე გიორგი ლაზუაშვილი იასპარეზებენ. დელეგაციის უკლებლივ ყველა წევრი ძიუდოს დარბაზისკენ ავიღებთ გეზს, რათა ჩვენი ჭაბუკი კიმონოისტები გავამხნევოთ და იქნებ კიდევ ერთხელ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი.

ამრიგად 27 ივლისის მონაცემებით ჩვენი გუნდი ორი ბრინჯაოს მედლით 27 ადგილზე იმყოფებოდა, სულ კი მედლები 30 ქვეყნის სპორტსმენებს ჰქონდათ მოპოვებული.  დღევანდელი მონაცემებით სავარაუდოდ წინ 10-12 საფეხურით უნდა წავიწიოთ.