ვუმასპინძლებთ მსოფლიოს ჩემპიონატს ?

28 მარტი 2013

საქართველოს დედაქალაქს 3 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ლეონ კოლინი ეწვია.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, ახალგაზრდებს შორის 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა და სლოვენიელი სტუმარიც თბილისში ამ მიზეზით იმყოფება, რათა უკეთ გაეცნოს ქართული მხარის შესალებლობებს და მისი გამოცდილება გაგვიზიაროს.
28 მარტს IHF-ის მაღალჩინოსანი ეროვნული ფედერაციის თავკაც ზურაბ კაკაბაძესთან ერთად სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს და გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს შეხვდა.

"საქართველოში პირველად ვიმყოფები და უმალ შევამჩნიე, რომ თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. მივესალმები თქვენს სურვილს უმასპინძლოთ ასეთი მაღალი რანგის ტურნირს, რადგან ჩვენს ინტერესებშიც შედის ხელბურთი რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში იყოს პოპულარული და განვითარდეს. მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად სამი დარბაზია საჭირო, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს და რაც მთავარია იყოს მედიისთვის მოსახერხებელი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია საცხოვრებელი პირობებიც თუ რა ვითარებაა ამ მხრივ თბილისს გარდა ქალაქებში. მე ვაფასებ თქვენს ძალისხმევას და თუ დავრწმუნდები, რომ ეს თქვენს ძალებს არ აღემატება და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი გარანტიებიც იქნება მაშინ მე მზად ვარ ლობირება გავუწიო თქვენს კანდიდატურას"-აღნიშნა ლეონ კოლინმა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელბურთში დიდი ტრადიციები აქვს. გვყავს ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი და "ხელბურთის პელედ" წოდებული ჯემალ ცერცძვაძე.

"საქართველოს საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება ასე თუ ისე აქვს. ახლახანს თბილისში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, მანამდე ანალოგიურ შეჯიბრს ძიუდოში ვუმასპინძლეთ, ხოლო 2015 წელს საქართველოს დედაქალაქში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, სადაც ხელბურთიც იქნება წარმოდგენილი. საქართველო ფესტივალზე სწორედ ის გუნდით წარსდგება, რომელსაც თბილისში ჩატარების შემთხვევაში 2017 წლის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუწევთ გამოსვლა. ამიტომაც სეოკ-ი მიესალმება ხელბურთის ეროვნული ფედერაციის სურვილს და მზად არის მაქსიმალურად მხარში ამოუდგეს ამ საქმეში" - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

საქართველოს გარდა ამ უფლების მოსაპოვებლად ხორვატია და სამხრეთ კორეა იბრძვიან, სადაც სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემები არ აწუხებთ. მაისში ერთ-ერთი მათგანი მარათონს ჩამოშორდება, ხოლო დარჩენილი ორი კანდიდატიდან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია არჩევანს ოქტომბერში დოჰაში (ყატარი) დაგეგმილ კონგრესზე გააკეთებს.