სასიამოვნო ძვრები გურიაში
საქართველო მაღალი დონის გამართული სპორტული ინფრასტრუქტურით, რომ არ გამოირჩევა ეს სამწუხარო რეალობაა. თბილისში თუ ამ მხრივ შედარებით ნორმალური ვითარებაა, რეგიონებზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. დედაქალაქს გარდა, ფაქტობრივად არცერთ დიდ ქალაქში არ გვაქვს სპორტული არენა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა.
ბორჯომსა და დუშეთში არსებულ ბაზებზე სპორტსმენებს სავარჯიშოდ კარგი პირობები კი აქვთ, მაგრამ დამატებით სპორტული კომპლექსი ნამდვილად არ გვაწყენდა. მაგალითად დასავლეთ საქართველოში საშუალო დონის ბაზაც კი არ მოგვეპოვება. ადრე ეს პრობლემა ასე მწვავედ არ იდგა, რადგან აფხაზეთში (ლესელიძე, გუდაუთა, სოხუმი, ეშერა) პოსტსაბჭოთა სივრცეში და შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ბაზებით ვიწონებდით თავს.
სასიხარულოა, რომ ამ კუთხით ყინული დაიძრა და სულ მალე ოზურგეთში თანამედროვე სტანდარტებით არჭურვილი კომპლექსი იფუნქციონირებს, სადაც კომპლექსურად თავმყოყრილი იქნება სასტუმრო, სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები, საცურაო აუზი, კვების ბლოკი და ა.შ. მოკლედ, როგორც სეოკ-ის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ახლო წარსულში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრმა ლაშა ლომაძემ გვითხრა სპორტმენებს ყველა პირობა ექნებათ ნაყოფიერი შეკრებისა და დასვენებისთვის. Mმისივე თქმით გურიირ ორგანიზაციის ინიციატივით ურეკში უკვე დასრულდა სასტუმროს მშენებლობა და ზაფხულში სპორტმენებს შეეძლებათ შეკრებები ზღვისპირეთშიც გაიარონ. არის მზაობა მცირე ზომის ბაზა - ინიკალური კლიმატური პირობების მქონე ბახმაროშიც აშენდეს, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან. მოკლედ გურიის რეგიონში სასიამოვნო ძვრები შეინიშნება.
"სეოკ-ის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელად შარშან ამირჩიეს და მიზნად დავისახეთ ეს კუთხე აქტიურად ჩაგვერთო სპორტულ ცხოვრებაში. მწირი ბიუჯეტი ბევრის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევდა, მაგრამ რეგიონის რაღაც დონეზე გამოცოცხლება მოხერხდა. გურიის სამხარეო გუბერნიასთან მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და მათი დაფინანსებით ოზურგეთში მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. ეს იქნება რეგიონალური ოლიმპიური ცენტრი, სადაც არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სპორტსმენებსაც შეეძლებათ შეკრებების გავლა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებების ჩატარება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა ბაზის მშენებლობა ივლისში უნდა დასრულდეს და შემოდგომაზე შესაძლოა კრივში საქართველოს ჩემპიონატსაც უმასპინძლოს.
რაც შეეხება ადგილობრივ ათლეტებს ყველანაირად ვცდილობთ კარგი პირობები შევუქმნათ. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან. გვსურს ჩვენი რეგიონის სპორტსმენტათვის, ოზურგეთში "ავერსის" კლინიკასთან სეოკ-ის მსგავსი მემორანდუმი გავაფორმოთ, 23 ივნისს, აუცილებლად ჩავატარებთ ღონისძიებებს ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, გვინდა დავნერგოთ ტრადიცია, რომ წლის ბოლოს მოხდეს გურიის რეგიონის გამორჩეულ სპორტსმენთა და მწვრთნელთ დაჯილოება"- გვითხრა ლაშა ლომაძემ.