ბაკურიანში საციგაო ტრასის მოლოდინში
2010 წლის 12 თებერვლის დილა. ვანკუვერის (კანადა) ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე საათებიღა რჩება. მთელი მსოფლიო ამ გრანდიოზული მოვლენის მოლოდინშია რა დროსაც უკლებლივ ყველა საინფორმაციო საშუალება "უისტლერის" საციგაო ტრასაზე მომხდარი ტრაგედიის კადრებს ავრცელებს. საგანგებო პრესკონფერენციას მართავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგი, რომელიც საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს. სოკ-ი და "ვანკუვერი 2010"-ის საორგანიზაციო კომიტეტი შოკირებულია. შოკშია საქართველოს მცირერიცხოვანი დელეგაციაც - საინფორმაციო საშუალებები 21 წლის ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვას იუწყებოდნენ.
ამ საშინელმა ტრაგედიამ ერთგვარად გახსნის ცერემონიალიც კი დაჩრდილა. საქართველოს გუნდს მთელი სტადიონი აპლოდისმენტებით ფეხზე წამოუდგა, იყო წუთიერი დუმილიც...
მაშინვე ითქვა, რომ სოკ-ისა და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ხელშეწყობით ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლიურ ბაკურიანში მისი სახელობის ტრასა აიგებოდა. ბაკურიანში ჩამოვიდნენ უცხოელი ექსპერტებიც და თითქოს კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ...
იმ ავადმოსაგონარი დღიდან სამი წელი გავიდა და ეს საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია.
ამ თემაზე კომენტარი სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს მამუკა ხაბარელს ვთხოვეთ, რომელიც კურირებას ზამთრის სპორტს უწევს.
"დამეთანხმებით, რომ მაშინ ამ ამბავმა მთელი მსოფლიო შეძრა. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენები ასეთ ვითარებაში არ უნდა იღუპებოდნენ და ფაქტია, რომ ოლიმპიზმის ისტორიაში ეს ფაქტი შავ ლაქად დარჩება. გვახსოვს ჟაკ როგის პრესკონფერენცია და გულწრფელი სამძიმარიც. იმ პერიოდში კულუარული საუბრებიდან გამოითქვა სურვილი და მალევე ოფიციალურად გაჟღერდა, რომ სოკ-ი მზად იყო საერთაშორისო ფედერაციასა და ქართულ მხარესთან შეთანხმებით ბაკურიანში საციგაო ტრასის აშენებაში მიეღო მონაწილეობა და ფინანსური ხარჯების ნაწილსაც თავის თავზე აიღებდა, თუმცა შემდეგ გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ეს პროექტი შეჩერდა.
რადგან სეოკ-ში ზამთრის სპორტის კურირება მევალება მოსვლისთანავე ამ საქმით დავინტერესდი. შევხვდი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, სპეციალისტებს, გავეცანი სრულ დოკუმენტაციას. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან ამ კუთხით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ და უკვე სოკ-ში გავაგზავნეთ საგარანტიო წერილი, რომ სახელმწიფო მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. მოკლედ ქართული მხარე მშენებლობის დასაწყებად მზად არის და სავარაუდოდ სამუშაოები ზაფხულში დაიწყება" - გვითხრა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ნიშანდობლივია, რომ ამ ტრასაზე ვარჯიში ზამთარ-ზაფხულ იქნება შესაძლებელი, რადგან მას ავსტრიული კომპანია სპეციალური მასალისგან დაამზადებს, ხოლო ძვირადღირებული საციგაო მოწყობილობის ტრანსპორტირებას და ინსტალაციას სოკ-ი და საერთაშორისო ფედერაცია მოახდენს.
ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასა ბაკურიანის პარკში აშენდება და მისი სიგრძე 420 მეტრი იქნება. მისი დასრულების შემდეგ საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან არის მზაობა ქართველი მოციგავის სახელობის ტურნირი სპორტულ კალენდარში ოფიციალურად შეიტანოს და იგი ტრადიციული გახადოს.