უეინ გრეტცკი: სოჭი ალბათ ბოლო იქნება

12 აპრილი 2013

ყველა დროის უდიდესი ჰოკეისტი უეინ გრეტცკი მომავალში ზამთრის ოლიმპიადაზე NHL-ის მოთამაშეთა მონაწილეობას ეჭვის თვალით უყურებს. "არ გამოვრიცხავ სოჭი გახდეს NHL-ის მოთამაშეთა მონაწილეობით ბოლო ზამთრის ოლიმპიური თამაშები. 2018 წლის თეთრი ოლიმპიადა სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გაიმართება და მგზავრობა დიდ დროს წაიღებს, რეგულარული ჩემპიონატი ორი კვირით შეწყდება, რაც დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. შესაძლოა ვცდები"- ამბობს უეინ გრეტცკი.

ერთი შეხედვით მართლაც უცნაური განცხადებაა, რადგან ოლიმპიადა 16 დღე გრძელდება და ჰოკეის ეროვნული ლიგის გათამაშებაში პაუზა ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია, თამაშები დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ჩატარდეს. ამას გარდა ლეგენდარულმა კანადელმა ჰოკეისტმა ყურადღება სამხრეთ კორეაში ხანგრძლივ მგზავრობაზე გაამახვილა და არა გვგონია ამერიკიდან სოჭში გადაფრენამაც ცოტა დრო წაიღოს.

გრეტცკიმ კომენტარი მოახლოებულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში თანამემამულეების მონაწილეობაზეც გააკეთა. "ვფიქრობ სოჭში წამყვანი შემადგენლობით უნდა გამოვიდეთ. რუსეთში 1972 წლის შემდეგ საუკეთესო ჰოკეისტები არ გაგვიგზავნია, ასევე უნდა მოიქცეს ამერიკის ნაკრებიც. ეს ხომ ოლიმპიადაა"- აღნიშნა მან.

2018 წლის ოლიმპიადა იქით იყოს და ჯერ NHL-ის მოთამაშეთა სოჭში ასპარეზობაც ბოლომდე ბეჭედდასმული არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით, 12 აპრილს ნიუ ორკში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჰოკეის ეროვნული ლიგისა და საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელთა შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. მხარეებს ბევრ თემაზე მოუწევთ მსჯელობა - უპირველესად კი ტრამვის შემთხვევაში ჰოკეისტთა დაზღვევის საკითხზე. კონკრეტული გადაწყვეტილება ნიუ ორკის შეხვედრაზე არ მიიღება და ამის შესახებ ცნობილი მაისში გახდება.