ემზარ ზენაიშვილი: სოჭში არწასვლას არავინ მოგვიწონებს

15 აპრილი 2013

ამას წინათ, სოჭში ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მისიის ხელმძღვანელთა სემინარი გაიმართა, რომლის მუშაობაშიც საქართველოდან მონაწილეობა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა მიიღო.

     გაემგზავრება თუ არა ჩვენი სპორტული დელეგაცია სოჭში, როგორ ემზადება თეთრი ოლიმპიადის დედაქალაქი თამაშებისათვის და რა საკითხები განიხილეს სემინარზე ამის შესახებ ინტერვიუ ემზარ ზენაიშვილს ვთხოვეთ.

     - ბატონო ემზარ, სოჭის ოლიმპიურ თამაშებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა და ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არაა მივიღებთ თუ არა მასში მონაწილეობას. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

      - დიახ, თამაშების მოახლოებასთან ერთად ამ თემის ირგვლივ ინტერესი უფრო მატულობს. ოლიმპიადამდე 10 თვით ადრე ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე პოლიტიკური ნება არსებობს და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სეოკ-ი ღებულობს.

     საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პასუხი 7 მაისამდე უნდა ვაცნობოთ. სწორედ ამიტომ 2 მაისს სეოკ-ის რიგგარეშე სესია მოვიწვიეთ და ყველაფერს ნათელი იქ მოეფინება. ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნით ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებზე კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების წარმომადგენლები და სეოკ-ის აღმასკომის წევრები მიიღებენ, ასეთები კი სულ 60 კაცამდეა.

ჩემი პირადი მოსაზრებით სოჭში გამგზავრებაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

 - ეს თემა სოჭში გამართულ სემინარზე რაიმე ფორმით ხომ არ წამოწეულა?

 - გემახსოვრებათ, რამდენიმე წლის წინ სტამბულში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე სეოკ-მა დააყენა საკითხი ოლიმპიადის სოჭიდან სხვა ქალაქში გადატანაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშებს ბოიკოტს გამოვუცხადებდით. მაშინ  ამას ძალზედ მწვავე რეაქცია მოჰყვა ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელებისგან.. არავინ დავობს, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მაგრამ ოლიმპიადაზე არწასვლით ეს საკითხი ვერ მოგვარდება. ვფიქრობ, მხოლოდ საქართველოს პროტესტს აზრი არა აქვს. სხვა საქმეა თუ მხარს რამდენიმე ძლიერი ქვეყანა აგვიბავს, რისი შანსებიც ფაქტიურად ნულის ტოლია. ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამით ჩვენ ბოიკოტს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გამოვუცხადებთ და არა სოჭს, რომელსაც სოკ-მა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიანიჭა.

სემინარზე ამ თემის ირგვლივ ხმამაღლა არაფერი თქმულა, თუმცა კულუარული საუბრებიდან გამომდინარე ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირებას არავინ მოგვიწონებს.

- მოდით სოჭში გამართულ სემინარზე გადავიდეთ...

 - თავდაპირველად ავღნიშნავ, რომ 2013 წლის იანვრამდე სეოკ-ს "სოჭი 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტთან არავითარი კავშირი არ გააჩნდა და ამიტომაც ამ სემინარზე დასწრება ჩვენთვის  მნიშვნელოვანი იყო.

სემინარში მონაწილეობდა 80 ქვეყნის წარმომადგენელი, სოჭში იმყოფებოდა სოკ-ის პრეზიდენტი ჟაკ როგი, რუსეთის პრეზიდენტი ვ. პუტინი, ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნები.

ბევრი საინტერესო დეტალი იქნა განხილული, თუმცა ყურადღებას მხოლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანზე შევაჩერებ.

სოჭში სამი ოლიმპიური სოფელი იფუნქციონირებს, რომელთაგან ქართული დელეგაცია ორში - მთის და ზღვისპირა კლასტერში განთავსდება. (რა თქმა უნდა მონაწილეობის მიღების შემთხვევაში)

დადგინდა ქართული დელეგაციის სოჭში ჩასვლის თარიღიც - 4 თებერვალი, თამაშების საზეიმო გახსნამდე სამი დღით ადრე. რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელში ჩვენი დროშის აღმართვის ცერემონიალს - 5 ან 6 თებერვალს მოხდება.

- აქვე ლიცენზიების შესახებაც გკითხავთ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

 - სამწუხაროდ ზამთრის ოლიმპიადაზე ლიცენზიანტთა სიუხვით ვერ დავიკვეხნით და სოჭშიც მცირერიცხოვანი გუნდით წარვსდგებით. საუბარია დაახლოებით 5-7 სპორტსმენზე სამთო სათხილამურო სპორტში და ფიგურულ ციგურაობაში. აქვე დავამატებდი, რომ ამ უკანასკნელში შეიცვალა შეჯიბრების განრიგი და საკვალიფიკაციო ეტაპი თამაშების გახსნის წინა დღეს ჩატარდება. ამას გარდა კატეგორიული მოთხოვნაა ყურადღება მიექცეს სპორტსმენის მიერ გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლების დაცვას.

  - რა მდგომარეობაა სპორტული ინფრასტრუქტურის მხრივ და როგორ ფიქრობთ შეძლებს სოჭი მაღალ დონეზე უმასპინძლოს თამაშებს?

      - ოლიმპიური თამაშები ისეთი გრანდიოზული სპორტული ფორუმია, რომ წინასაოლიმპიადო სამზადისშიც და შემდეგაც უშუალოდ თამაშების მიმდინარეობის პერიოდში ხარვეზებს ყოველთვის აღმოაჩენ. ასეა სოჭის შემთხვევაშიც და ამაში გასაკვირი არაფერია.

     თვითონ სოჭში ოლიმპიადის დროს არაფერი ხდება და მთავარი ეპიცენტრი ზღვისპირა კლასტერში "იმერეთის ველზე" იქნება, სადაც განთავსებულია ოლიმპიური პარკი. აქვეა დახურულ არენებზე ჩასატარებელი ყველა სპორტული ობიექტი, ოლიმპიური სტადიონი, მთავარი მედიაცენტრი, Medal Plaza, ოლიმპიური მუზეუმი და კლუბი.

     თუმცა ბევრი პრობლემა დღესაც მოუგვარებელია. ჩანს, რომ სასტუმროებში საკმარისი ადგილი არ იქნება, ჯერ კიდევ საბოლოო კონდიციამდეა მისაყვანი სპორტული ობიექტები. ორგანიზატორებსაც და სემინარის მონაწილეებსაც ბუნებრივია აწუხებთ უსაფრთხოების საკითხები და სხვ.

     რუსეთს აქვს გამოცდილება მაღალი რანგის შეჯიბრებების ჩატარების. კარგად გვახსოვს მოსკოვის ოლიმპიადა, რომელიც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ვფიქრობ, ეს არც "სოჭი 2014" ორგანიზატორებს უნდა გაუჭირდეთ.

     ისე კი სოჭის თამაშები, როგორც ჩანს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თამაშები იქნება - რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის ხაზინას ოლიმპიური თამაშები დაახლოებით 45-50 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

 - იფუნქციონირებს თუ არა სოჭში "ქართული სახლი"?

 - ზაფხულის თამაშების გამოცდილებამ გვაჩვენა თუ რაოდენ

მნიშვნელოვანი და საჭიროა ასეთ მასშტაბურ სპორტულ ფორუმზე შენი კუთხის არსებობა.  "ქართული სახლის" ფუნქციონირების საკითხი დღის წესრიგში კი დგას, მაგრამ სოჭში ეს სიამოვნება ძალზედ ძვირი დაგვიჯდება.

     როგორც გითხარით უშუალოდ ქალაქში ოლიმპიადის დროს განსაკუთრებული არაფერი ხდება და "ქართული სახლის" მოწყობა გამართლებული მხოლოდ ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე იქნება. თვითონ ტერიტორიას უფასოდ კი გვთავაზობენ, მაგრამ შესაბამისი დროებითი შენობის აგებისთვის, მისი ტექნიკური ექსპლუატაციისთვის (დაცვა, ელექტროენერგია, დასუფთავება) და შემდეგ დემონტაჟისთვის ცეცხლის ფასს ითხოვენ.

-    დაბოლოს, მედიაზეც გკითხავთ...

 - სხვათა შორის სოჭის ოლიმპიადაზე როგორც ასეთი,

მედიასოფელი არ იქნება და ორგანიზატორები პრესის მუშაკებს სამ ვარსკვლავიან სასტუმროებში განთავსებას სთავაზობენ.

     რაც შეეხება საქართველოდან მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებს მინდა ავღნიშნო, რომ სოჭში საკმაოდ მძლავრი ჟურნალისტთა კორპუსი გვეყოლება.