ვლადიმერ კლიჩკო რიოსთვის ემზადება

19 აპრილი 2013

 

სახელგანთქმული უკრაინელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი WBO-ს, WBA-ს და IBF-ის ვერსიით ვლადიმერ კლიჩკო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. მისი თქმით, რინგს მინიმუმ სამი წელი ვერ შეელევა, რადგან 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა სურს.

ამ ეტაპზე პროფესიონალ მოკრივეთათვის, რომლებსაც ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა სწადიათ, გარკვეული შეზღუდვა არსებობს. მათ პროფესიულ დონეზე არანაკლებ 15 ბრძოლა უნდა ჰქონდეთ ჩატარებული. კლიჩკოსთვის ეს ფაქტორი გადაულახავ ბარიერს არ წარმოადგენს, რადგან მას 62 შეხვედრა გაუმართავს.

"არაერთხელ მითქვამს, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მსურს. AIBA უკვე მუშაობს იმ კრიტერიუმებზე, რისი მიხედვითაც პროფესიონალ მოკრივეებს ოლიმპიადაში გამოსვლის უფლებას დაგვრთავენ. ეს ჩემი ოცნებაა და ამიტომაც გადავწყვიტე კარიერის დასრულება 2016 წლისთვის გადავდო. ალბათ გარკვეული პრობლემები იქნება, მაგრამ დენთი ჯერ კიდევ არ გამნელებია" - აღნიშნა ვლადიმერ კლიჩკომ.