ძიუდოისტების დასკვნითი შეკრება ყვარელში
25-28 აპრილს ბუდაპეშტი სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ქართველი კიმონოისტები უნგრეთის დედაქალაქისკენ გეზს 23 აპრილს აიღებენ, მანამდე კი ირაკლი უზნაძის შეგირდებმა დასკვნითი ორ კვირიანი შეკრება ყვარელში გაიარეს.
"ყვარელში შეკრება პირველად გვიხდება და ყველანი ძალზედ კმაყოფილები ვართ. არაჩვეულებრივი ადგილია სპორტსმენთა ნაყოფიერად მოასამზადებლად. ლამაზი ბუნება, კარგი სავარჯიშო დარბაზი და იდეალური სასტუმრო. რაც მთავარია, მისი ადგილმდებარეობაც ისეთია, წარმოუდგენელია სპორტსმენმა დისციპლინა დაარღვიოს"- აღნიშნა ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელსაც ბუდაპეშტში ტიტულის დაცვა მოუწევს.
ყვარელში შეკრება ფედერაციის ხელმძღვანელებმა და მწვრთნელებმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს და როგორც ჩანს არჩევანში არც შემცდარან.
შეკრებით კმაყოფილია და ოპტიმისტურადაა განწყობილი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე. "ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელმა პერიოდმა გეგმაზომიერად ჩაიარა. ნაყოფიერი გამოდგა ყვარლის შეკრებაც და ბიჭები სრულ მზადყოფნაში არიან. რაც მთავარია, გუნდი ფიზიკურად კარგად არის მზად და არც ტექნიკა დაეწუნებათ. ტრავმების მხრივაც საბედნიეროდ საგანგაშო არაფერია და იმედია ბუდაპეშტის ტატამზე თავს არ შევირცხვენთ" - ამბობს ირაკლი უზნაძე.
თითქმის ყველა ვარჯიშზე გუნდის გვერდითაა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, რომელიც ამავდროულად ყვარლის გამგებელიცაა, ასევე ღია ვარჯიშს დაესწრო სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა მინისტრყ ლევან ყიფიანი და ჩვენს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან ტურნირზე წარმატებები უსურვა.
ბუდაპეშტის ტატამზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ: ამირან პაპინაშვილი (60კგ), ლაშა სავდათუაშვილი (66კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ), დავით ლორიაშვილი (100კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ).
რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრებას, იგი ხუთ წონით კატეგორიაში 66, 73, 81, 90, +100 კგ-ში ჩატარდება და მწვრთნელს დამატებით სამი ძოიდოისტი - შალვა ქარდავა (66კგ), ზვიად გოგოჭური (90კგ) და ონისე ბუღაძე (+100კგ) მიჰყავს.