ორი ქალბატონის იუბილე

02 აგვისტო 2011

სეოკ-ის ოფისში ოლიმპიურ ჩემპიონთა სტუმრობა ყოველთვის არის, მაგრამ დღეს მათი სიმრავლე განსაკუთრებით შეინიშნებოდა. მიზეზიც ხომ ისეთის უკეთესს, რომ ვერ ინატრებ. ორ ქალბატონის მზია ჯუღელისა და ქეთევან ლოსაბერიძის დაბადების დღეა. ალბათ შეხსენებაც არ არის საჭირო, რომ ორთავე ოლიმპიური ჩემპიონია - ჯუღელი 1952 წლის ჰელსინკის თამაშებზე ტანვარჯიშში გახდა საქართველოდან პირველი გამარჯვებული , ხოლო ლოსაბერიძემ მშვილდოსნობაში 1980 წელს მოსკოვში აჯობა ყველას და ევროპიდან დღემდე ერთადერთი ჩემპიონი ქალია.

მრგვალი თარიღი მზია ჯუღელს აქვს - სახელოვან ტანმოვარჯიშეს 85 წელი შეუსრულდა და სეოკ-მაც მას იუბილე განსაკუთრებულად მიულოცა. „დღეს ისეთი ხალხის დაბადების დღეა სპორტულ სამყაროში მათ წარდგენა არ სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი თუ არსებობს ამაში ლომის წვლილი სწორედ მათ მიუძღვით. დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას გისურვებთ. თქვენ ხართ მაგალითი ახალი თაობისთვის"- მიმართა ქალკბატონებს გია ნაცვლიშვილმა.

 „სპორტი ჩემთვის ყველაფერია და მას მთელი ცხოვრება მივუძღვენი, ჯერ როგორც სპორტსმენმა, შემდეგ კი მწვრთნელმა და ხელმძღვანელმა. უღრმესი მადლობა ასეთი დაფასებისთვის" - აღნიშნა მზია ჯუღელმა. სეოკ-ის ხელმძღვანელობას მადლობა ქეთევან ლოსაბერიძემაც გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ სექტემბერში მაჩაბლის ქუჩაზე, როდესაც სეოკ-ის ახალი ოფისი გაიხსნება ოლიმპიურ ჩემპიონებს სიურპრიზი ელით.