სეოკ-მა და კომპანია "სოკარმა" ხელი ხელს დაკრეს
კომპანია "სოკარი" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია. მემორანდუმს ხელი ჩვენს ქვეყანაში ზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის დირექტორმა მაირ მამედოვმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მოაწერეს.
"ჩვენი კომპანია ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია. რამდენიმე ეროვნულ ფედერაციასთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და სასიამოვნოა, რომ დღეიდან მოკრძალებულ წვლილს, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაშიც შევიტანთ. სეოკ-ის ოფიციალური პარტნიორობა ჩვენთვის დიდი პატივია" - აღნიშნა მაირ მამედოვმა "სოკარის" ოფისში გამართულ ხელმოწერის ცერემონიალზე.
"კომპანია "სოკარის" მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ვიცით, რომ იგი დიდი ხანია სხვადასხვა ფორმით და დოზით ქართული სპორტის სამსახურშია. სეოკ-ი სამომავლოდ ბევრი კარგი პროექტის განხორციელებას აპირებს და მოხარული ვარ, რომ "სოკარი" ჩვენს გვერდით იქნება" - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ამ ეტაპზე ერთ წლიანია დაფინანსდება სხვადასხვა სახის ოლიმპიური პროგრამები და პროექტები, მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ჩასატარებელ სპორტულ ღონისძიებებში, სეოკ-ის მიერ ორგანიზებული საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობა და ა.შ.
ღონისძიებას სეოკ-ის ხელმძღვანელობის გარდა ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, რობერტ შავლაყაძე, შოთა ხაბარელი და კახი კახიაშვილი