ამჯერად ორი ვერცხლი
კონტინენტის პირველობაზე ძიუდოში, არცერთი საშეჯიბრო დღეს ისე არ გალეულა კვარლცხბეკის სხვადასხვა საფეხურზე ქართველი სპორტსმენი არ ასულიყო. ინდივიდუალურ ასპარეზობაში, დასკვნით დღეს ბუდაპეშტში საქართველოს ჰიმნი აღარ აჟღერებულა, მაგრამ ორი ჩვენებური ვერცხლის მედალს დაეუფლა.
დავით ლორიაშვილი (100 კგ) ტურნირს საწყის ეტაპზევე რუს ადლან ბისულტანოვთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, თუმცა ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილს (+100კგ) ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდათ.
შარშან ჩელიაბინსკში გამარჯვების შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანი ბუდაპეშტში მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ტიტულის შენარჩუნებამდეც ბევრი არაფერი აკლდა. ვარლამმა ფინალამდე შვეიცარიელ, ჰოლანდიელ, ლიტველ და გერმანელ მეტოქეებს სძლია, ფინალში კი რუსი კირილ დენისოვი ელოდა. სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა და ამჯერად ვერცლის მედალს დასჯერდა.
მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, იქ კი უპირობო ფავორიტთან, ფრანგ ტედი რინერთან ვერაფერი გააწყო.
ამრიგად, სამი ოქროს, ამდენივე ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.