გადაწყდა - სოჭში მივდივართ
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა და ქართველი სპორტსმენების მასში მონაწილეობის საკითხი დღემდე გადაწყვეტილი არ იყო. ამ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, 2 მაისს სეოკ-ის რიგგარეშე სესია გაიმართა და სოჭში წასვლა-არწასვლის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს საბოლოოდ დაესვა ბეჭედი.
სესიას სეოკ-ის აღმასკომის წევრები, სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები და ოლიმპიური ჩემპიონები დაესწრნენ. დღის წესრიგის მთავარი საკითხიც "სოჭი 2014" იყო. სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ვრვცლად ისაუბრა ამ კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ სამომავლო შედეგებზე, რაც შეიძლება ოლიმპიადის ბოიკოტირების შედეგად მივიღოთ. მისი თქმით არავინ დავობს, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას სპორტთან არავითარი კავშირი არა აქვს. ბოიკოტს არა სოჭს, არამედ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გამოვუცხადებთ, რომელსაც აქვს ექსკლუზიური უფლება ამა თუ იმ ქალაქს მიანიჭოს ზამთრისა თუ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება.
თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, ოლიმპიურიმა ჩემპიონმა, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა, ასევე ფიგურული ციგურაობის, სამთო სათხილამურო სპორტის, კალათბურთის, ხელბურთის, რაგბის, ფეხბურთის, ფარიკაობის, ჭიდაობის ფედერაციათა ხელმძღვანელებმა.
საბოლოოდ ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს დელეგაციის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას.
სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის თქმით, სესიამ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და სპორტსმენს არ უნდა წაერთვას ისეთ გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე გამოსვლის უფლება, როგორიც ოლიმპიური თამაშებია.
სეოკ-ი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს საბოლოო პასუხს 7 მაისამდე აცნობებს.