ვინ დაიკავებს სოკ-ის პრეზიდენტის სავარძელს?

10 მაისი 2013

2013 წლის სექტემბერში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დაგეგმილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია, ბევრი საინტერესო მოვლენით იქნება დატვირთული. გარდა იმისა, რომ მადრიდს, ტოკიოსა და სტამბოლს შორის უნდა დასახელდეს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი და გადაწყდეს ჭიდაობის ბედი დარჩება თუ არა ოლიმპიადის პროგრამაში, ასევე დღის წესრიგის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი სოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებია.

ჟაკ როგი ამ ორგანიზაციას 2001 წლიდან მართავს. 12 წლის წინათ ბელგიელმა დოქტორმა ეს პოსტი აწ გარდაცვლილ მარკიზ ხუან ანტონიო სამარანჩისგან ჩაიბარა, მანამდე კი იგი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იყო.

კულუარებში როგის შემცვლელად გერმანიის ოლიმპიური სპორტული კონფედერაციის ხელმძღვანელს, სოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ფარიკაობაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ტომას ბახს ასახელებენ, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა ახლახანს სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე წამოაყენა.

58 წლის გერმანელი ჩინოვნიკის გარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებენ სოკ-ის კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი კორეელი სერ მიან ნგი, სოკ-ის ყოფილი წევრი რიჩარდ კარიონი და ლეგენდარული უკრაინელი ჭოკით მხტომელი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ბუბკა.