საქართველომ ბელგია გაანადგურა

31 აგვისტო 2011

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი და ჩინებული გამარჯვება მოიპოვა - 81:59. ჩვენების მეტოქე ბელგია იყო, გუნდი რომელმაც შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ორჯერ მოუგო, ახლა კი სრულფასოვანი რევანში შედგა. ევროპის ჩემპიონატზე 22-ქულიანი სხაობით მოპოვებული გამარჯვება, დებიუტანტი საქართველოსთვის კი არა, კალათბურთის გრადებისთვისაც კი ბრწყინვალე შედეგია. ჩვენმა გუნდმა, რომელსაც კლაიპედას 5-ათასიან დარბაზში 3-ათასამდე ქართველი გულშემატკივრობდა, ბელგიის ნაკრები პირწმინდად დაჩაგრა.

მხოლოდ ერთხელ, ისიც მატჩის დასაწყისში იყო, როცა ბელგიელები 5:4 დაწინაურდნენ, მატჩის დანარჩენი დრო კი საქართველოს უპირატესობით მიმდინარებდა და შედეგიც შესაბამისია. ქართველებმა ოთხივე პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ცენტრფორვარდი ზაზა ფაჩულია იყო, ვინც 17 ქულა გააკეთა, 11 ქულით და 4 მოხსნით კი ჩვენი ნაკრებიდან ვიქტორ სანიკიძე გამოირჩა.
და რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ხვალ საქართველო რუსეთს ეთამაშება.

ასეთი პრინციპული შეხვედრის წინ კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ბელგიასთან მატჩისას გუნდის ლედერების დასვენების საშუალება მიეცა.