მანუჩარ ცხადაიას ვერცხლის მედალი და ოლიმპიური ლიცენზია
16 სექტემბერი 2011
სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ასპარეზობა უკვე დაასრულეს და ოდენ ერთ ვერცხლის მედალს გამორჩნენ.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მანჩარ ცხადაიამ ხუთი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გავიდა, თუმცა იქ ირანელ სეიდ მორად აბდვალისთან ვერაფერს გახდა და ორ სეტში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ცხადაია ორი წლის წინაც ფინალში იყო და მაშინაც ვერცხლის მედალს დასჯერდა. სამწუხაროდ სხვა წონებში ბეგი დარჩიას შეგირდებმა არცთუ ისე დამაჯერებლად იასპარეზეს და საპრიზო ადგილებს ვერ შესწვდნენ.
მანუჩარ ცხადაიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალთან ერთად ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.
დღეიდან სტამბოლის საჭიდაო ხალიჩაზე საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. ქართველთაგან პირველი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იასპარეზებს.