ჩოგბურთელ გოგონათა წარმატებული სტარტი

15 ივლისი 2013

 

უტრეხტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი საშეჯიბრო დღე ქართველი სპორსტმენებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა.

მძლეოსნობაში, ერთბაშად ოთხმა ჩვენებურმა იასპარეზა და არცთუ ისე ურიგოდ. ბადროს ტყორცნაში მწვრთნელებს თემურ აბულაშვილის ეიმედებოდათ და მანაც იმედები არ გააცრუა. აბულაშვილმა ბადრო 49,74 მეტრზე გადააგდო და 12 საუკეთესოში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. სიგრძეზე მხტომელმა მარიამ ძაგნიძემ ფინალის საგზური ზედმეტი ენერგიის ხარჯვის გარეშე დაიბევა. ქართველმა მხტომელმა პირველივე ცდაზე 5,88 მეტრი შედეგი აჩვენა, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა. ძაგნიძე თორმეტ საუკეთესოში მეორე შედეგით შევიდა და მედლისთვის ბრძოლაც რეალურად შეუძლია.

რაც შეეხებათ მარიამ მარტინენკოს (400 მეტრზე სირბილი) და სოფიო მათიაშვილს (უროს ტყორცნა) მათ კვალიფიკაცია ვერ გადალახეს.

ჩოგბურთში თუ ფესტივალის სტარტი გოგონებისთვის წარმატებული გამოდგა, სამწუხაროდ ბიჭებმა მარცხი იწვნიეს. ირაკლი მეტრეველმა ბერძენ სტეფანო ციციპასტან უშანსოდ წააგო (0:6, 2:6), ხოლო გუგა თავაძემ ფრანგ ბორის ფასბენდერს ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა (2:6, 2:6). კენჭისყრამ ისე ინება, რომ მარიამ ბოლქვაძეს და ანა ახალკაცს პირველ წრეში ებრაელი მეტოქეები არგუნა და ქართველმა ჩოგბურთელებმაც ისრაელის წარმომადგენლებს შანსი არ დაუტოვეს. ბოლქვაძე-ახალკაცმა დღესვე ფინელ მოწინააღმდეგეებთან წყვილთა ტურნირზეც იმარჯვეს.

16 ივლისს საქმეში უკვე ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილთაგან პირველნი ტატამზე ჭიკაიძე გიორგი (50კგ) და არხოზაშვილი ერეკლე (55კგ) გავლენ. გოგონებიდან კი მარგიანი სალომე (48კგ) იჭიდავებს. მძლეოსნობაში უროს მტყორცნელი გიორგი ონიანი ცდის ბედს. ჩოგბურთში ვაჟების წყვილი ებრაელებს გაეჯიბრებიან, ხოლო ერთეულთა თანრიგში ანა ახალკაცი გერმანელ ვივიანა ვოლფს დაუპირისპირდება, ხოლო მარიამ ბოლქვაძის მეტოქე ბელგიელი ესტე ვიდერჰოვენი იქნება. ჩოგბურთელმა გოგონებმა წყვილთა თანრიგში ჩეხები დაამარცხეს და მესამე წრეში შვეიცარიელებს დაუპირისპირდებიან.