10 სექტემბერს მეათეს აირჩევენ

25 ივლისი 2013

10 სექტემბერს, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი, რიგით X პრეზიდენტი ეყოლება. ბუენოს-აირესში დაგეგმილი სოკ-ის სესია უმნიშვნელოვანესი მოვლენებით იქნება დატვირთული. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევის გარდა, დელეგატებმა კენჭი უნდა უყარონ ჭიდაობის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დატოვება-ამოღების საკითხს და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის გამოვლენას.

პოპულარულმა ბრიტანულმა ჟურნალმა Sportspro-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, ტიტულიანმა ჭოკით მხტომელმა, უკრაინელმა სერგეი ბუბკამ გამოკითხულთა 40.6 პროცენტი მიიღო. მას საგრძნობლად ჩამორჩა გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი (19.78%), სინგაპურელმა სერ მიანგ ნგის 14.29% ერგო, ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, შვეიცარიელმა დენის ოსვალდმა 13.19%, სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაციის თავკაცმა, ტაივანელმა ჩინგ-კოე ვუმ 6.59%, ხოლო ყველაზე ცოტა ხმა (5.46%) სოკ-ის ფინანსური განყოფილების შეფმა რიჩარდ კარიონმა მიიღო.

მოარტყამს თუ არა სახელოვანი უკრაინელი სპოსრტმესნი, ოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ბუბკა მართლაც ათიანში, ეს სულ მალე არგენტინის დედაქალაქში გამოჩნდება.