სტამბოლის შედეგები ოლიმპიურ კომიტეტში შეჯამდა

23 სექტემბერი 2011

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახლადგახსნილ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ სტამბოლში დასრულებულ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების შეჯამებას ეძღვნებოდა. პრესკონფერენციას, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უზღვებოდა ესწრებოდნენ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძე, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი, ჭიდაობის ფედერაციის სხვა ხელმზღვანელები და თავად სტამბოლის საჭიდაო ხალიჩაზე თავგამოჩენილი ქართველი ფალავნები.

გია ნაცვლიშვილმა მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა და რწმენა გამოთქვა, რომ ლონდინის ოლიმპიადამდე კიდევ უფრო მოუმატებენ, ხოლო ჭიდაობის ორივე სახეობაში ლიცენზიანთა ყულაბა უახლოეს მომავალსი გასამართ სამ სალიცენზიო ტურნირზე ბულგარეთში, ჩინეთსა და ფინეთში ბოლომდე შეივსება და ნისლიან ალბიონზეც წარმომადგენლები 7-7 წონით კატეგორიაში გვეყოლება. შეგახსენებთ, რომ პეკინის თამაშებზე, როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალ ჭიდაობაში 5-5 სპორტსმენი გვყავდა.

პრესკონფერენციის დასასრულს მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორებმა და ამავდროულად უკვე ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტებმა მანუჩარ ცხადაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), დავით ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ასევე მალხაზ ზარქუამ (თავისუფალი ჭიდაობა) ვინაც სტამბოლში მედალი ვერა, მაგრამ თამაშების საგზური კი მოიპოვა ტრადიციისამებრ სეოკ-სი არსებულ ,,ლონდონი 2012"-ის ლიცენზიანტთა დაფაზე საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირეს. აქვე დავამატებთ, რომ სტამბოლში ბრინჯაოს მედლები და შესაბამისად ოლიმპიადის საგზურები თავისუფალ ჭიდაობაში დავით მოძმანაშვილმა და დავით მარსაგიშვილმაც მოიპოვეს, მაგრამ დღეს პრესკონფერენციაზე დასწრება გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ მოახერხეს.

ამრიგად ოფიციალურად დღესდღეობით საერთო ჯამში ქართველ სპორტსმენთა ანგარიშზე 7 ოლიმპიური ლიცენზიაა, თუმცა უახლოეს მომავალში მათი რიცხვი გაცილებით გაიზრდება.