ამომავალი მზის ქვეყანაში ოლიმპიადა დაბრუნდა

07 სექტემბერი 2013

49 წლის შემდეგ, ამომავალი მზის ქვეყანაში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დაბრუნდა. თითქმის ნახევარი საუკუნის წინ - 1964 წელს, თამაშებს ტოკიომ უმასპინძლა. მას შემდეგ, იაპონიაში, 1998 წელს (ნაგანო), ზამთრის ოლიმპიადაც ჩატარდა.

2020 წელს, 16 დღის მანძილზე ოლიმპიური ცეცხლი კვლავ იაპონიის დედაქალაქში იგიზგიზებს. ეს გადაწყვეტილება ბუენოს-აირესში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესიამ მიიღო.

რიგით XXXII თამაშების ჩატარებისთვის ტოკიოსთან ერთად მადრიდი და სტამბოლი იბრძოდნენ. ესპანეთის დედაქალაქმა მხოლოდ 26 ხმა მიიღო და ამ გრანდიოზული სპორტული ფორუმის მასპინძლობის ოცნებას პირველივე ტურში გამოეთიშა. მალევე ნათელი გახდა, რომ საწადელს ვერც სტამბოლი მიაღწევდა და საბოლოოდ ტოკიომ 60 ხმით 38-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა.

``ტოკიოს გამარჯვებას ვულოცავ. მათ მართლაც შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინეს. ურიგოდ არც მადრიდი და სტამბოლი წარსდგნენ. დარწმუნებული ვარ, სამივე კანდიდატი ქალაქი ამ უდიდეს სპორტულ ფორუმს მაღალ დონეზე ჩაატარებდა, მაგრამ ტოკიომ ყველაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა``- განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა.

ნიშანდობლივია, რომ ტოკიო 2016 წლის ოლიმპიადისთვისაც იბრძოდა, სადაც რიო დე ჟანეიროსთან ჭიდილში დამარცხდა.