ჭიდაობა დაბრუნდა

08 სექტემბერი 2013

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ოლიმპიურ ოჯახში დაბრუნდა. მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის თებერვალში, ჭიდაობის სახეობებს ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოღება დაემუქრა, საერთაშორისო ფედერაციამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. უპირველესად შეიცვალა პრეზიდენტი და რაფაელ მარტინეტი ნენად ლალოვიჩმა ჩაანაცვლა. დალაგდა სოკ-თან ურთიერთობა, წესებში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა და სპორტის ეს სახეობა უფრო სანახაობრივი გახდა. "მალე ჭიდაობის წესებში დიასახლისებიც გარკვევიან. ადრე ხანდახან პროფესიონალებიც კი ვერ ხდვდებოდნენ თუ რატომ სრულდებოდა შეხვედრა ამა თუ იმ ფალავნის გამარჯვებით"- აღნიშნა ნენად ლალოვიჩმა.

ჭიდაობის მხარდასაჭერად ისეთი მძლავრი ქვეყნები გაერთიაანდნენ როგორებიცაა რუსეთი, ირანი, ამერიკა და ა.შ. არგენტინაში ჩავიდნენ წარსულში ლეგენდარული სპორტსმენი ალექსანდრე კარელინი, ცნობილი ამერიკელი მსახიობი უილიამ ბოლდუინი და სხვები.

ოლიმპიურ ოჯახში მოსახვედრად ასევე სკვოში და ბეისბოლ-სოფტბოლი იბრძოდნენ, თუმცა ბუენოს-აირესში მიმდინარე სოკ-ის სესიაზე ჭიდაობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა. საბოლოოდ სკვოშს 22, ბეისბოლ-სოფტბოლს 24, ხოლო ჭიდაობას 49 ხმა ერგო.

"მინდა მივულოცო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას. მათ მოკლე დროში მართლაც დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს. მოხარული ვარ, რომ სპორტის ეს უძველესი სახეობა კვლავ ოლიმპიური ოჯახის წევრია"- აღნიშნა ჟაკ როგმა.