ბახის მეცხრე სიმფონია

11 სექტემბერი 2013

119 წლიანი ისტორია და რიგით მეცხრე პრეზიდენტი. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 10 სექტემბერს, ბუენოს-აირესში გამართულ სოკ-ის 125-ე სესიაზე, ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ არჩევანი 59 წლის გერმანელ იურისტ ტომას ბახზე გააკეთა.

ბახი, სოკ-ის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ როგის, რომელიც ამ ორგანიზაციას 12 წელი მართავდა თანამოაზრეა და გამარჯვების უმთავრეს ფავორიტადაც სახელდებოდა. სხვათა შორის, იგი წარსულში წარმატებული მოფარიკავე იყო და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე, გერმანიის ნაკრებთან ერთად გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონიც გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ სოკ-ის ახალი პრეზიდენტის გამოსავლენად ორი ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ტომას ბახის გამარჯვება ეჭქვეშ არ დამდგარა. სერგეი ბუბკამ (უკრაინა), რიჩარდ კარიონსმა (პუერტო რიკო), ჩინგ-კო-უმ (ჩინეთის ტაიპეი), სერგ მიანგ ნგიმ (სინგაპური) და დენის ოსვალდმა (შვეიცარია) გერმანელ სპეციალისტს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. საბოლოოდ მან 93 შესაძლებლობიდან 49 ხმა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ რიჩარდ კარიონს (29) დიდი უპირატესობის გაუსწრო. ლეგენდარულ უკრაინელ ჭოკით მხტომელ სერგეი ბუბკას, რომელიც საერთაშორისო სპორტულ წრეებში დიდი სიმპატიით სარგებლობდა და ხელწამოსაკრავ კანდიდატადაც არ მიიჩნეოდა, არჩევნებზე მხოლოდ 4 მხარდამჭერი აღმოაჩნდა.

ამრიგად, მომდევნო ოთხი წელი, მსოფლიო ოლიმპიზმისთვის ტომას ბახი დაუკრავს.