აშშ ბოიკოტის წინააღმდეგ

16 სექტემბერი 2013

ამერიკის შეერთებული შტატები სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტზე უარს ამბობს. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა. „ჩვენ არ დავუჭერთ მხარს არცერთი სახის აქციას სოჭის თამაშების ბოიკოტის შესახებ, რადგან მიგვაჩნია, რომ ამერიკელი სპორტსმენები პოლიტიკური შეხედულებების მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ" - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც იგივე აზრზეა. ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში ობამამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობის შესახებ რუსეთში მიღებული კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაგრამ ამის გამო მოახლოებული "თეთრი ოლიმპიადის" ბოიკოტირებაც მართებული არ იქნება.

„ჩვენ გვინდა კარგი სპორტული ბატალიები. საშინელება იქნება თუ ჩვენი საუკეთესო ათლეტები ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებენ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და სოჭშიც კარგად დაგვხვდებიან. ჩვენ წარმატებული ოლიმპიადა გვსურს" - აღნიშნა მაიკლ მაკფოლმა.