აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპინგური ორგანიზაცია თბილისში განთავსდება

03 ოქტომბერი 2011

საქართველოს დედაქალაქმა 20-22 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპუნგური ორგანიზაციის საბჭოს სხდომასა და აღნიშნულ თემაზე ტრეინინგს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირებმა: რობ კოხლერმა, განათლების, მეცნიერების და განვითარების პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა. ტომ მეიმ, განვითარების პროგრამების მთავარმა მენეჯერმა, ვიქტორია ივანოვამ, მეცნიერების დეპარტამენტის მენეჯერმა და 12 ქვეყნის ანტი-დოპინგური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.( ალბანეთი, სერბეთი, მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მოლდავეთი, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო.)

20 სექტემბრის აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპინური ორგანიზაციის საბჭოს წევრების სხდომაზე, ბატონმა, რობ კოხლერმა, მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს განათლების, მეცნიერების და განვითარების პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა, საბჭოს წევრებს გააცნო საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს შეთავაზება აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპინური ორგანიზაციის ოფისის თბილისში განთავსების შესახებ და აღნიშნულ საკითხზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქარეთველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თანხმობის წერილები.

საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მხარის ინიციატივას. საქართველო არჩეული იქნა აღნიშნული ორგანიზაციის ოფისის მასპინძელ ქვეყნად და პროფ. პავლე კასრაძე, საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე - ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპინური ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად დაინიშნა საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს გენერალური მდივანი თეიმურაზ უკლება. ამავე ორგანიზაციის მენეჯერად - ელენე გაბედავა.

22 სექტემბერს, სხდომის მონაწილეებს მიესალმნენ და საქართველოს მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპინური ორგანიზაციის ოფისის საქართველოში განთავსებაზე ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერაზე მზადყოფნის შესახებ განცხადება გააკეთეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა, გია გალდავამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, ბატონმა, რამაზ გოგლიძემ და საქარეთველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა, გიორგი ასანიძემ.

ბატონმა რობ კოხლერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტო მიესალმება ევროპის ანტი-დოპინური ორგანიზაციის ოფისის საქართველოში განთავსებას და მის თავმჯდომარედ ბატონ პავლე კასრაძის არჩევას. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, ოლიმპიური კომიტეტსა და პარლამენტს მხარდაჭერისათვის.