სეოკ-ის და ოლიმპიელთა კლუბის ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში

20 ოქტომბერი 2013

18 ოქტომბერს, ახალციხეში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სეოკ-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ორგანიზაციასთან, რომლის პრეზიდენტიც ზიზიგმუნდ ზილბერშტეინია.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი ახალგაზრდობისთვის, მომავალი თაობისთვის ოლიმპიური იდეალების გაცნობა და პროპაგანდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

აქციაში მონაწილეობდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, ლაშა შავდათუაშვილი და ნინო სალუქვაძე, რომელიც ამავდროულად სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტია, ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ნოზაძე, სახელოვანი ბატუტზე მხტომელი, მსოფლიოს ჩემპიონი რუსუდან ხოფერია, გინესის არაერთგზის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა. მათ ისაუბრეს ზოგადად ქართული სპორტის მიღწევებზე და დამსწრეთ საკუთარი მდიდარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალციხის გამგებელი ბესო ბლიაძე.

შეხვედრაზე მოხდა ფილმის ჩვენება ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთა გამარჯვებებზე, გაიმართა სხვადასხვა ტიპის აქტივობები და სპორტული ვიქტორინა.

სეოკ-მა ახალციხის სკოლებს გადასცა სხვადასხვა სახის სპორტული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, 34 ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონზე გამოცემული წიგნები და ა.შ.

მორიგ მსგავს ღონისძიებას, სეოკ-ი და ოლიმპიელტა კლუბი, ნოემბრის თვეში რაჭაში გამართავს.