თბილისი 2015-ის სამზადისი – ახალი ლოგო და ჰიმნი

20 ოქტომბერი 2011

დღეს თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც მისი გენერალური დირექტორი არჩილ გეგენავა უძღვებოდა.

თავდაპირველად არჩილ გეგენავამ მას-მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და ამავე კომიტეტის სხვა ხელმძღვანელები წარუდგინა - გენერალური კოორდინატორი რევაზ ჩომახიძე, სპორტული კოორდინატორი შოთა ხაბარელი და პროექტის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე.

ამის შემდეგ გეგენავამ ჟურნალისტებს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო და დასძინა, რომ მსგავსი დონის სპორტული ღონისძიების მასპინძლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო და ამავდროულად ძალზედ საპასუხიმგებლოა.

ამიტომაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოს ევროპის წინაშე ეს გამოცდა ღირსეულად ჩააბაროს.

ფესტივალი 9 სპორტის სახეობაში ჩატარდება და გეგენავას თქმით საორგანიზაციო კომიტეტი თითოეულ ეროვნულ ფედერაციასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, რათა ყოველგვარი გაუგებრობა და ხარვეზი თავიდან იქნეს აცილებული.


არჩილ გეგენავამ კომენტარი ოლიმპიური სოფლის მშენებლობაზეც გააკეთა. მისი განცხადებით სოფლის მშენებლობა 2012 წლის ბოლოსთვის დაიწყება. ასევე შეიცვლება ,,თბილისი 2015"-ის ლოგო და ჰიმნი და ისინი შესარჩევი კონკურსის შედეგად შეირჩევა.