სემინარი თემაზე ოლიმპიური განათლება და სპორტის მენეჯმენტი

20 ოქტომბერი 2011

სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე ,,ოლიმპიური განათლება და სპორტის მენეჯმენტი".

ამ მეტად საინტერესო კონფერენციის პროგრამაში რიგგარეშედ ასევე ჩართეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ,,თბილისი 2015"-ისთვის მზადების საკითხიც.

სემინარის დასკვნითი დღე, რომელშიც 110 კაცი მონაწილეობდა (როგორც სპორტის მუშაკები, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები) ფარმაცევტულ კომპანია ,,ავერსის" კლინიკაში თეორიულ მეცადინეობებს დაეთმო და იგი სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ გოგლიძემ და სპორტული მედიცინეს ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა გახსნეს.

სემინარს ასევე ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე ძალზედ საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი ლელა აფციაური თემით ,,ოლიმპიური განათლებისა და ოლიმპიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში".

სპეციალური ოლიმპიადების შესახებ ისაუბრა პროფესორმა თემურ მიქიაშვილმა, ოლიმპიური განათლების გლობალიზაციის საკითხს შეეხო პროფესორი ვასილ ბაკაშვილი, გაზეთ ,,ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ ,,საქართველოში ოლიმპიური განათლების იდენტურობაზე ფიზიკური აღზრდის ხალხურ და კლასიკურ სისტემებში" საკითხზე ილაპარაკა, ხოლო ,,ოლიმპიური განათლების საკვირაო სკოლების პროგრამა" წარმოადგინა პელოპონესის უნივერსიტეტის ასპირანტმა თორნიკე გაჩეჩილაძემ.

პროფესორი ლევან გოგუაძე ოლიმპიურ სპორტში გენდერის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე მოხსენებით გამოვიდა, პროფესორმა მამია ტუღუშმა ,,საქართველოს სკოლებში ფიზიკური განათლებისა და სპორტის თანამედროვე ტენდენციები" გაგვაცნო.

დასასრულს თავად ზურაბ კახაბრიშვილმა სპორტში ჯანსარ კვებასა და დღის რეჟიმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


აღნიშნული კონფერენციის მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში სეოკ-ის ულტრათანამედროვე ტექნიკით გაწყობილი ოლიმპიური მუზეუმიც მოინახულეს და რიგი სხვა საკითხებიც გაიარეს.

სემინარის დასასრულს კი მათ დიპლომები გადაეცათ.