სპორტი და ოლიმპიზმი ნოვაცია იმერეთიდან ბავშვებმა რომ ჩემპიონები იცნონ

24 ოქტომბერი 2011

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, ქუთაისის სპორტული სკოლების გაერთიანებასთან ერთად, ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ახორციელებს პროექტს ,,სპორტი და ოლიმპიზმი".

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტულ სკოლებში გაერთიანებულ მოსწავლე-ახალგაზრდებში ოლიმპიური იდეების დამკვიდრებას, მოახდინოს ოლიმპიზმის როგორც სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ერთიანობის პოპულარიზაცია.

14 ოქტომბერს ქუთაისის ფარიკაობის სკოლაში აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა მოფარიკავეებსა და მათ მწვრთნელებთან.

ლექციას დაახლოებით 80-მდე სპორტსმენი და მწვრთნელი ესწრებოდა.

ახალგაზრდებში დიდი მოწონება დაიმსახურა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრის, სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავჯდომარის რევაზ რობაქიძის მიერ ოლიმპიზმის თემატიკაზე ჩატარებულმა ლექციამ.

გარდა იმისა, რომ მოზარდები გაეცვნენ ოლიმპიური თამაშების ისტორიას ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე, მათ ჩაუტარდათ ვიქტორინა თემაზე ,,ვინ უკეთ იცნობს ოლიმპიური თამაშების ისტორიას".

რევაზ რობაქიძე: ,,ჩვენი მიზანია, რომ სპორტულ სკოლებში გაერთიანებული ბავშვები არ მხოლოდ სპორტით იყვნენ დაკავებულნი, არამედ მათთან საგანმანათლებლო კუთხითაც ვიმუშაოთ. რამდენიმე ხნის წინ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელშიც 100- მა ბავშმა მიიღო მონაწილეობა.

გულდაწყვეტილი დავრჩი, როცა რამოდენიმე მათგანმა მოქმედი ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონის ვინაობა ვერ დამისახელა. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ეს პროექტი განგვეხორციელებინა. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა იდეამ გაამართლა.

ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია.

მომდევნო ლექცია ქუთაისის კრივის სკოლაში ჩატარდება.

ეტაპობრივად პროექტში ქუთაისში არსებული ყველა სპორტული სკოლა მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდები აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ მხატვართა კონკურსში ,,ჩვენ მომავალი ოლიმპიელები ვართ."

ვემზადებით კიდევ ერთი ახალი პროექტისთვის-ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნება ფილატელისტთა გამოფენა, რომლის მთავარი თემა იქნება ,,ფილატელია და ოლიმპიზმი".

ყველაფერს კი მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის მიძღვნილი ფილმი დააგვირგვინებს.

ქუთაისის სპორტის მესვეურების ხელშეწყობით ამ ფილმზე მუშაობა მალე დაიწყება და დასრულების შემდეგ ის ქალაქში არსებული სპორტული სკოლების ყველა მოსწავლეს დაურიგდება."