საერთაშორისო სემინარი და მწვრთნელთა კურსები მძლეოსნობაში
01 ნოემბერი 2011

საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობისა და საქართვველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და დაფინანსებით, ასევე მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელშეწყობით თბილისში ,,სპორტის დედოფლად" წოდებული სახეობის 22-მა ქართველმა სპეციალისტმა საერთაშორისო მწვრთნელთა კურსებში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც თურქი ინსტრუქტორი მეჰმეთ კალე უძღვებოდა. სწავლებამ 10 დღეს გასტანა და გუშინ დასკვნითი გამოცდები ჩატარდა, რომელიც 13 მწვრთნელმა წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატიც გადაეცათ. ღონისძიებას დიდუბეში მდებარე მძლეოსნობის მანეჟმა უმასპინძლა.
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ახვლედიანი თქმით დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მწვრთნელთა გადამზადების კურსები პირველად ჩატარდა და ამისათვის სეოკ-სა და საერთაშორისო ფედერაციას მადლობა გადაუხადა. ,,გულწრფელად ვიტყვი, რომ სწავლებამ მოლოდინს გადააჭარბა. 13 სერტიფიცირებული მწვრთნელი სამომავლოდ მძლეოსნობის განვითარებისთვის სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია. შწავლებასაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ატარებდა და ჩვენმა მწვრთნელებმაც მისგან ბევრი შეიძინეს" - აღნიშნა ახვლედიანმა.
მეჰმეთ კალემაც ქართული მხარის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ,,სემინარები არაერთ ქვეყანაში ჩამიტარებია, მაგრამ მსგავსი თბილი და საქმიანი ატმოსფერო, ფედერაციის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება არსად მიგრძვნია. ქართველ მწვრთნელებთანაც მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა" - დასძინა თურქმა სტუმარმა.