უკეთ, ვიდრე ვანკუვერში

18 თებერვალი 2014

​​ უკეთ, ვიდრე ვანკუვერში

ოლიმპიურ სოჭში ისე მიილია ათი საშეჯიბრო დღე, რომ ჰაერის ტემპერატურის ნიშნული +20 გრადესზე ქვემოთ არ დაცემულა. ქუჩაში ხშირად მოგვიკრავს ყური ზამთრის თამაშებზე ვართ თუ ზაფხულისაზეო.

​18 თებერვალს კი სოჭში, უფრო სწორედ „როზა ხუტორში", სადაც სათხილამურო შეჯიბრებები იმართება, ნამდვილი ზამთრის ამინდი იყო. ერთი ხანობა, ძლიერი თოვისა და ნისლის გამო, ქალთა შორის გიგანტურ სლალომში ტურნირის დასრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აღნიშნულ დისციპლინაში ქართველმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმაც იასპარეზა. ორი დაშვების ჯამში (2.55.34) მან 88 მონაწილეს შორის 49-ე ადგილი დაიკავა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ვანკუვერის შედეგი გაუმჯობესებულია, რადგან კანადაში, ქართველმა მოთხილამურემ დისტანცია ვერ დაასრულა და შეჯიბრს პირველივე სტარტზე გამოეთიშა.
ნიშანდობლივია, რომ ტრასის დასრულება 16 მოთხილამურემ ვერც ახლა მოახერხა, მათ შორის ბევრმა რეიტინგით ჩვენიანზე მაღლა მდგომმა.

ალბათ მავანი იფიქრებს დიდი საქმე ორმოცდაათეულში თუ მოვხვდითო, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ გუდაურელ სპორტსმენს ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას არც არავინ უგეგმავდა. ჯერ-ჯერობით ამით უნდა დავკმაყოფილდეთ.
ჩემპიონი სლოვენიელი ტინა მაზე გახდა, ვერცხლი ავსტრიელმა მოთხილამურე ანა ფენინგერმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო გერმანელმა სპორტსმენმა ვიქტორია რებენსბურგმა დაისაკუთრა.

ბოლოს კი შედარებისთვის ავღნიშნავთ, რომ სხვაობა ნინო წიკლაურისა და გამარჯვებულის შედეგს შორის 18.37 წამია, საპრიზო ადგილებთან 18.20, ხოლო საუკეთესო ოცდაათეულთან ჩამორჩენამ 8.7 მეათედი შეადგინა.


​კახა ბერიძე
​სეოკ-ის პრეს-ატაშე სოჭიდან