ვაჟების წარუმატებელი სტარტი

19 თებერვალი 2014

„დავიჯერო ჩვენზე მეტად ვინმემ განიცადა? განა ყველაზე მეტად ჩვენ არ გვინდოდა წარმატებით გვეასპარეზა?"- მითხრეს ქართველმა სამთო-მოთხილამურეებმა.

სამწუხაროდ იასონ აბრამაშვილის და ალექსი ბენიაიძის სტარტი მიმდინარე ზამთრის ოლიმპიაურ თამაშებზე წარუმატებელი გამოდგა. გიგანტურ სლალომში მათ დისტანციის დასრულება ვერ მოახერხეს და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშნენ.

იასონ აბრამაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიადაა. ვანკუვერში, ამავე დისციპლინაში მან 46-ე შედეგი აჩვენა და ბუნებრივია მიზანი მისი გაუმჯობესება იყო. „ფინიშამდე 20 წამი მრჩებოდა, როდესაც სიჩქარეს მოვუმატე, რადგან მსურდა მინიმუმ საუკეთესო ორმოცეულში შევსულიყავი. არ გამიმართლა, დანარჩენი კი თავადაც იხილეთ. მხოლოდ ჩამოსეირნება ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა. ამის გაკეთება ნებისმიერი მოყვარულ მოთხილამურესაც შეუძლია. სპორტში ყველაფერი ხდება, განსაკუთრებით ჩვენს სახეობაში" - აღნიშნა აბრამაშვილმა.

ალექსი ბენიაძისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა იყო და ალბათ ზედმეტმა მღელვარებამაც იჩინა თავი. მართალია იგი არ დაცემულა, თუმცა ერთ-ერთ მონაკვეთზე კარი გამოტოვა, რაც ავტომატურად ტურნირიდან გამოთიშვას ნიშნავს.