ტომას ბახი სეოკ-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

20 თებერვალი 2014

ჯერ კიდევ „სოჭი 2014"-ის გახსნამდე, სოკ-ის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი აუცილებლად შეხვდებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას და სიტყვა შეასრულა კიდეც.

20 თებერვალს, ბახი სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს და გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილს შეხვდა. საუბარი, დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა და საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ლერი ხაბელოვმა ტომას ბახს კიდევ ერთხელ მიულოცა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. „ჩვენი ეოკ-ი მუდამ გრძნობდა და გრძნობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას. მინდა მადლობა მოგიხადოთ, რომ მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ჩვენთვის დრო მაინც გამონახეთ. სოკ-ის ყველა პრეზიდენტი გამორჩეული ადამიანები და უბადლო პროფესიონალები იყვნენ, თუმცა მათგან ოლიმპიური ჩემპიონი არცერთი ყოფილა. თქვენ ამ მხრივ პირველი ხართ და მინდა წარმატებები გისურვოთ" - აღნიშნა სეოკ-ის თავკაცმა.

ტომას ბახმა, ქართული დელეგაციის მიმართ თავისი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ფლობს დეტალურ ინფორმაციას იმ პრობლემების შესახებ, რაც თან ახლდა ჩვენი გუნდის სოჭში ჩამოსვლას. „საქართველოს ოლიმპიური გუნდი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა პეკინის თამაშებზე, შემდეგ იყო ვანკუვერი და ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედია, ახლა კი არის სოჭი და ის წნეხი, რასაც თამაშების წინა პერიოდში განიცდიდით და განიცდით. თქვენ ღირსეულად გადალახეთ ყველა ეს სიძნელე და კრიტიკულ მომენტში ყოველთვის სწორი ნაბიჯები გადადგით. რა თქმა უნდა, სოკ-ი ამას ხედავს და აფასებს"- თქვა ტომას ბახმა.

თავისთავად, საუბარი შეეხო ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ ბაკურიანში სპორტული ობიექტის მშენებლობას. სოკ-ის პრეზიდეტმა გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს პროექტის განხორციელება, რომელიც მისმა წინამორბედმა დაიწყო. ითქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალში აუცილებლად გაიმართება კონსულტაციები სოკ-სა და სეოკ-ს შორის. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ოჯახის აზრიც.

შეხვედრის დასასრულს, ლერი ხაბელოვმა სოკ-ის პირველი მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ მოიწვია თბილისში, 3-5 ოქტომბერს სეოკ-ის დაარსების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ბახმა სიამოვნებით გაიხსენა 1997 წელს, მისი პირველი ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში და აღნიშნა, რომ თუ დროის დეფიციტი ხელს არ შეუშლის, ქართული ოლიმპიური მოძრაობისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას აუცილებლად დაესწრება.


კახა ბერიძე
სეოკ-ის პრეს-ატაშე სოჭიდან.