იასონ აბრამაშვილის დამაჯერებელი შედეგი

22 თებერვალი 2014

21-22 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიწურულს, სოჭში მედლები ვაჟთა და ქალთა შორის სლალომში გათამაშდა. ქართველი სამთო-მოთხილამურეები, რომ საპრიზო ადგილებისთვის ვერ იბრძოლებდნენ ეს იმთავითვე ცნობილი იყო.

სამწუხაროდ, ნინო წიკლაურმა სლალომში იგივე ბედი გაიზიარა, რაც ჩვენმა ვაჟებმა გიგანტურ სლალომში და პირველივე სტარტზე დისტანციის დასრულება ვერ შეძლო, რაც ტურნირს ავტომატურად დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ გიგანტურ სლალომში წიკლაურმა 88 მონაწილეს შორის 49-ე ადგილი დაიკავა.

ალექსი ბენიაიძისთვის იღბლიანი არც სლალომში ასპარეზობა გამოდგა. ისევე როგორც გიგანტურში, ამჯერადა მან ტრასის შუაწელში კარი გამოტოვა და შეჯიბრსაც გამოეთიშა. ახალგაზრდა ქართველო სპორტსმენისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო და ბუნებრივია, მისთვის დიდი გამოცდილების მომტანიც.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზამთრის თამაშებზე სამთო-სათხილამურო სპორტში საუკეთესო შედეგი ზურაბ ჯიჯიშვილს ეკუთვნის, რომელიც 1994 წელს ლილეჰამერში მე-14 ადგილზე გავიდა. მართალია, სოჭში იასონ აბრამაშვილს ჯიჯიშვილის შედეგი არ გაუუმჯობესებია, მაგრამ 117 მონაწილეს შორის 22-ე ადგილი ვფიქრობთ ურიგო მაჩვენებელი არ უნდა იყოს. აქვე დავძენთ, რომ საერთო ჯამში დისტანციის დასრულება მხოლოდ 43 მოთხილამურემ მოახერხა.