სეოკ-ის და ოლიმპიელთა კლუბის მორიგი აქცია

01 მარტი 2014

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს ახლადდანერგილ ტრადიციას და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გასვლით ღონისძიებებს, რომლის მთავარი მიზანიც, ადგილობრივი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, მომავალი თაობებისთვის ოლიმპიური იდეალების გაცნობა და პროპაგანდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის პოპულარიზაციაა.

სამცხე-ჯავახეთისა და რაჭის რეგიონების შემდეგ, სეოკ-ის და საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის ორგანიზებით მორიგი შეხვედრა სოფელ იარმუღოლოში შედგა, რომლის ძირითადი მკვიდრი აზერბაიჯანელი მოსახლეობაა.

აქციაში მონაწილეობდნენ საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, კახი კახიაშვილი, ვახტანგ ბლაგიძე და გელა კეტაშვილი, ძიუდოში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ნესტორ ხერგიანი, ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი რუსუდან ხოფერია.

საპატიო სტუმრებმა, იარმუღოლოს ოთხი სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი მდიდარი გამოცდილება, ისაუბრეს ზოგადად ქართული სპორტის მიღწევებზე, დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ ეხილათ ფილმი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთა გამარჯვებებზე, გაიმართა სხვადასხვა აქტივობები და სპორტული ვიქტორინა.

სეოკ-მა იარმუღოლოს სკოლებს გადასცა სპორტული ინვენტარი (ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის ბურთები), სხვადასხვა სახის სპორტული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე გამოცემული წიგნები და ა.შ.

მორიგ მსგავს ღონისძიებას, სეოკ-ი და ოლიმპიელთა კლუბი უახლოეს ხანებში გურიასა და სვანეთში გეგმავს.