საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა !

01 მარტი 2014

2014 წლის 1 მარტი ქართული სპორტის ისტორიაში უდავოდ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. პირველად არსებობის მანძილზე, საქართველოს ნაკრებმა წაყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილებმა, ამ უდიდესი წარმატებისთვის მსუყე ნაბიჯი ჯერ კიდევ თბილისში გადადგეს, როდესაც პლეი-ოფის პირველ მატჩში თურქეთის ნაკრები 8:4 დაამარცხეს და სტამბოლის განმეორებით შეხვედრამდე დამაჯერებელი ფორა შეიქმნეს. წყალბურთში, ოთხ ბურთიანი ჰანდიკაპი პატარა საქმე არ არის და საქართველოს ნაკრებმაც თბილისში დაწყებული საქმე „ბაკირკოის" საცურაო აუზში წარმატებით დააგვირგვინა. მართალია, ჩვენი გუნდი 9:12 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 17:16 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად გავიდა.

კონტინენტის პირველობას 14-27 ივლისს ბუდაპეშტი უმასპინძლებს. უნგრეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრების გარდა ასევე შეიკრიბებიან სერბეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, ჩერნოგორიის, საბერძნეთის, ხორვატიის, საფრანგეთის, რუსეთის, რუმინეთის და თავისთავად მასპინძელი უნგრეთის გუნდები.

ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა 9 მარტს, ბუდაპეშტში დაგეგმილ წილისყრაზე გაირკვევა.


ლაშა კუპრაშვილის ფოტოები