სეოკ-ის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონალური ორგანიზაციის 2014-2016 წლების პროგრამის პრეზენტაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონალურმა ორგანიზაციამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურების მონაწილეობით 2014-2016 წლების ოლიმპიურ ღონისძიებათა პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა იმ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელიც ჩინეთში „ნანჯინგი - 2014" წელს მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების, „ბაქო-2015" ევროპის პირველი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015"-ისა და „რიო დე ჟანეირო 2016" ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მომზადებასა და რეგიონში ოლიმპიზმის განვითარებას, ოლიმპიური იდეების დამკვიდრებს, მასში მოსახლეობის ჩართულობასა და სპორტული დაწესებულებების (კლუბების) გააქტიურებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე გადაწყდა 2014-2016 წლებში ჩატარდეს ოლიმპიური ფესტივალები სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, მოეწყოს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსები, მხატვართა გამოფენები და ოლიმპიურ ჩემპიონებთან შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით.