ოქტავიან მორარიუ: მზად ვართ გამოცდილება გაგიზიაროთ !

15 მარტი 2014

როგორც ცნობილია, თბილისში პრემიერ- მინისტს ვიქტორ პონტას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რუმინეთის სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არის ამ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, სოკ-ის წევრი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი ოქტავიან მორარიუ. რუმინელი სპორტის მაღალჩინოსანი, ამავდროულად ევროპის რაგბის ასოციაციის პრეზიდენტიცაა და თბილისში მისი ამჟამინდელი სტუმრობაც ბუნებრივია, 15 მარტს ევროპის ერთა თასზე, საქართველო-რუმინეთის უმნიშვნელოვანეს სარაგბო დაპირისპირებას უკავშირდება.

15 მარტს, რუმინელ კოლეგას სეოკ-ის ოფისში, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანიც. ცნობისათვის, ოქტავიან მორარიუ საქართველოს დედაქალაქს 2009 წელს, სეოკ-ის 20 წლის საიუბილეო ღონისძიებების დროსაც სტუმრობა.

ლერი ხაბელოვმა კოლეგას მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის ხუმრობით აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე ზოგადად რუმინელი სპორტსმენების წარმატებების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა არა დღეს საღამოს სარაგბო მატჩის დროს.

„საქართველოში სპორტი ძალიან უყვართ, თუმცა რაგბში გამარჯვებებს გულშემატკივარი განსაკუთრებულად აღიქვამს. სპორტის ეს სახეობა ჩვენში მეტად დაფასებულია და ამის დასტურია ისიც, რომ სპორტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის 1.3 სწორედ რაგბის კიდევ უფრო წინსვლისთვის არის მიმართული. დღეს ორივე ნაკრებისთვის მძიმე თამაში იქნება. დარწმუნებული ვარ წინ ლამაზი სანახაობა გველის.

რაც შეეხება ზოგადად ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებას, ყველაზე დიდი გამოცდის 2015 წელს გველის, როდესაც თბილისი ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. „თბილისი 2015" ერთ-ერთი მძლავრი სტიმული იქნება ქვეყანაში სპორტის კიდევ უფრო გამოცოცხლების საქმეში" - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

ოქტავიან მორარიუმ დასძინა, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს რაღაცით ჰგვანან, უპირველესად კი ალბათ მენტალური კუთხით. მანაც იუმორით აღნიშნა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები ხშირად გაოცებულნი არიან თუ როგორ ვახერხებთ ამა თუ იმ სერიოზული საქმის ბოლო მომენტში გაკეთებას, მაგრამ რაც მთავარია ვაკეთებთ, ვასწრებთ...

„პირველ რიგში მინდა გულთბილი მოკითხვა გადმოგცეთ ბატონი პატრიკ ჰიკისგან, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისგან. გაისად ზაფხულში მართლაც მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმის ორგანიზება გმართებთ და დიდი პასუხისმგებლობაც გაკისრიათ. რუმინეთისთვის ეს უცხო ხილი არ არის, რადგან 2013 წელს, ანალოგიური ზამთრის ფესტივალი ჩავატარეთ ბრაშოვში, რაც ადვილად შესასრულებელი დავალება ნამდვილად არ ყოფილა. ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური რყევების კუთხითაც იდენტურ ვითარებაში ვიყავით, როგორც თქვენ. ფესტივალამდე ერთი წლით ადრე მოხდა ცვლილებები, რამაც მზადების მხრივ გარკვეული სირთულეები წარმოქნა. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის მთავარი პრობლემა იყო ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი, თუმცა ასე თუ ისე ფესტივალის ორგანიზებას თავი გავართვით და დიდი გამოცდილებაც დაგვიგროვდა. მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში გვერდში დაგიდგეთ და იგი გაგიზიაროთ" - აღნიშნა ოქტავიან მორარიუმ.

„თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა პრეზენტაციის სახით სტუმარს უფრო ახლოს გააცნო თუ როგორ მიმდინარეობს ფესტივალისთვის მზადების პროცესი.

შეხვედრის დასასრულს, ოქტავიან მორარიუმ, სეოკ-ის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მუზეუმიც დაათვალიერა.