„მერმისი" ოლიმპიურ მუზეუმში

20 მარტი 2014

უკვე წელიწადზე მეტია, სეოკ-ის ულტრათანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მუზეუმს გაცილებით მეტი დატვირთვა მიეცა. სეოკ-ის ინიციატივით, მისი კარი ახალგაზრდა თაობისთვისაც ღიაა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ქართველ ოლიმპიელთა წარმატებების შესახებ უფრო მეტი გაიგონ.

ამჯერად ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიას ახლოს სკოლა „მერმისის" მოსწავლეები გაეცნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების საშეჯიბრო ექსპონანტები, რომლებითაც ისინი საერთაშორისო ასპარეზზე დიდების მწვერვალს აღწევდნენ და გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები.

„მერმისის" უფროსკლასელებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ ფრენბურთში ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ვაჟა კაჭარავას და მასთან ერთად ედევნებინათ თვალი პროექტ "ერთი ჩემპიონის ისტორიიდან" ფილმისთვის ამ შესანიშნავ სპორტსმენზე. სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე გამოცემულ წიგნთა კრებული, ჟურნალი „ოლიმპიელი" და სხვა სპორტული ლიტერატურა.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ვაჟა კაჭარავას მიერ მოპოვებული ოქროს მედალი. სახელოვანი ფრენბურთელი ახალგაზრდებს ესაუბრა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ზოგადად სპორტის როლსა და მის მნიშვნელობაზე და მათ მომავალ საქამიანობაში წარმატებები უსურვა.