სეოკ-მა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დააფასა

21 მარტი 2014

62 წლის წინ, ჰელსინკში, დაიწყო საქართველოს სპორტსმენთა ოლიმპიური მედლების ათვლა. ფინეთის დედაქალაქში დადგმულ ფიცარნაგზე, 23 წლის რაფაელ ჩიმიშკიანმა საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა. მასთან ერთად კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ტანმოვარჯიშე მზია ჯუღელი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძე ავიდნენ.

21 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს 85 წლის იუბილე მიულოცა.

სეოკ-ის ოფისში რაფაელ ჩიმიშკიანს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი და ფულადი ჯილდო გადასცა. რაფაელ ჩიმიშკიანს იუბილე მიულოცეს სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა: ვაჟა კაჭარავამ,ა რომან რურუამ, ნინო სალუქვაძემ, შოთა ხაბარელმა, ვახტანგ ბლაგიძემ, ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ჟურნალისტებმა.

„მადლობა სეოკ-ს ამ შესანიშნავი შეხვედრის ორგანიზებისთვის, ყველას ვინც აქ ხართ და ჩემი მისამართით თბილი და გულწრფელი სიტყვები წარმოთქვით. გისმენდით და წუთიერად თვალი გადავავე ჩემს წარსულს, ახალგაზრდობას. 62 წელია ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ეს პატარა დრო არ არის.მე როგორც ძალოსანმა, მინდა ასევე მადლიერებით გავიხსენო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ბეჟუაშვილი. მან ქართული ძალოსნობისთვის მართლაც ბევრი გააკეთა. კიდევ ერთხელ გმადობთ დღევანდელი დღისთვის" - აღნიშნა რაფაელ ჩიმიშკიანმა.