პირველი ადგილი პირველ გრან პრიზე

23 მარტი 2014

21-23 მარტს, თბილისის სპორტის სასახლემ ძიუდოში გრან პრის გათამაშებას უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით პირველი გუნდური ადგილი დაიკავა.

საქართველოს დედაქალაქში 25 ქვეყნის 200-მდე ძიუდოსიტმა მოიყარა თავი. გრან პრის საპრიზო ფონდმა 100 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო გამარჯვებულმა ძიუდოისტებმა 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

პირველ საშჯიბრო დღეს უმედლოდ დარჩა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამირან პაპინაშვილი (60 კგ), თუმცა ირაკლი უზნაძის გაწვრთნილთაგან ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) III ადგილი დაიკავა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

22 მარტს, ეროვნული ჰიმნიც აჟღერდა. საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81კგ) ყველა მეტოქე ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი ასევე ნუგზარ ტატალაშვილმაც (73კგ), რომელმაც ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს აჯობა. ნიშანდობლივია, რომ ისევე როგორც ლონდონის ოლიმპიადის გადამწყვეტ შეხვედრაში, შავდათუაშვილისა და უნგრელი უნგვარის გზები თბილისის გრან პრიზეც გადაიკვეთა და ტატამი გამარჯვებულმა კვლავ ქართველმა კიმონოისტმა დატოვა. ამავე დღეს, ჩვენი გუნდის ყულაბა, ზებედა რეხვიაშვილმა (73კგ) და უშანგი მარგიანმა (81კგ) კიდევ ორი ბრინჯაოთი შეავსეს.

დასკვნით საშეჯიბრო დღეს, ოქროს წერტილი ზვიად გოგოჭურმა (90კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100კგ) დასვეს, ბრინჯაო კი ლევან მატიაშვილმა (+100კგ) მოიპოვა.