ევროპის ოლიმპიური კომიტეტების შეფასება - „ნაბიჯი მომავლისკენ" !

25 აპრილი 2014

ახლახანს, საქართველოს დედაქალაქს EYOF-ის საკოორდინაციო კომისიის წევრები და ფესტივალის პროგრამაში შეტანილი სპორტის სახეობათა ევროპული ფედერაციების ტექნიკური დელეგატები სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანი, ბუნებრივია, „თბილისი 2015"-ისთვის მზადების პროცესის დეტალურად გაცნობა იყო. მათ დაათვალიერეს მშენებარე სპორტული ობიექტები, ოლიმპიური სოფელი და სეოკ-ის ოფისში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს „თბილისი 2015"-ის მზადების სამთავრობო სხდომაში.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები, საქართველოში ევროპელი კომისრების ვიზიტს გამოეხმაურა და ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა.
"დამკვირვებელთა ჯგუფი თბილისს სისტემატიურად სტუმრობს და ადგილზე ეცნობა ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისთვის მზადების პროცესს. მასპინძელ მხარეს ეძლევა შესაბამისი რეკომენდაციები და მაქსიმალურად ვცდილობთ მხარში დავუდგეთ. საორგანიზაციო კომიტეტი, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მნიშვნელოვანი პროგრესიც შეინიშნება.

ფესტივალის მსვლელობის პერიოდში, გარკვეული შეჯიბრებები ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე ჩატარდება, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ოლიმპიური სოფლის მშენებლობაც. საქართველოს დედაქალაქისთის, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. „ნაბიჯი მომავლისკენ" - ეს არის „თბილისი 2015"-ის ოფიციალური სლოგანი და ნამდვილად იგრძნობა, რომ ქალაქი ცდილობს მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, რათა ყველასათვის დასამახსოვრებელი ფესტივალი ჩაატაროს. " - ნათქვამია ევროპის ოლიმპიური კომიტეტების განცხადებაში.